ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ჯაშუშობაში ბრალდებული თამაზ გოლოევის გათავისუფლებას ითხოვს. დე ფაქტო საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გოლოევის ბრალდება „მოგონილია“.
„როგორც ცნობილი გახდა, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დახურულ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლენინგორიის რაიონის [ავტ: ახალგორის] მცხოვრებ თამაზ გოლოევს, რომელიც მანამდე უკანონოდ დააკავა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ჯაშუშობის მოგონილი ბრალდება წაუყენა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, გოლოევმა 21 აპრილს „პირადი საქმეების გამო“ „რაზდახანის“ გამშვები პუნქტი გადაკვეთა, მეორე დღეს, 22 აპრილს კი ის თბილისში, „ქართული სპეცსამსახურების პროვოკაციის შედეგად გაიტაცეს და დააპატიმრეს.“
„აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სარწმუნო ინფორმაციის მიღებისთანავე, სამხრეთ ოსეთის მხარემ აამოქმედა ყველა არსებული შესაძლებლობა თ. გოლოევის ბედის გასარკვევად, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) „ცხელი ხაზი“.
„ცხელი ხაზის“ ფარგლებში მიმდინარე უწყვეტი კონსულტაციების პროცესში, 24 აპრილს საღამოს სამხრეთ ოსეთის მხარეს აცნობეს, რომ თამაზ გოლოევს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. სასამართლოს შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.
ქართული რეპრესიული აპარატის მსგავს გაუმართლებელ ქმედებებს, რომლებსაც აშკარა პოლიტიკური ხასიათი აქვს, ვაფასებთ როგორც თ. გოლოევის უფლებების უხეშ დარღვევას და ზ. გამსახურდიასა და მ. სააკაშვილის ეპოქის ტერორის პოლიტიკის გაგრძელებას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ის, რაც თ. გოლოევს შეემთხვა, არის თვალსაჩინო დასტური იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია, ოფიციალური თბილისის წარმომადგენელთა მხრიდან დროდადრო გაჟღერებული „მშვიდობისმყოფელი“ ხმების მიუხედავად, იყო და რჩება საშიშ და მტრულ გარემოდ სამხრეთ ოსეთისა და მისი მცხოვრებლებისთვის.
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების მიზნით სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს დაჟინებით ურჩევს, თავი შეიკავონ საქართველოში მგზავრობისგან“, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
22 აპრილს სუსმა თქვა, რომ ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
როგორც სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების შესახებ, ასევე, მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო- და ვიდეოგადაღებას, სტრატეგიული ობიექტების ფოტო- ვიდეოგადაღებას.
სუსმა გოლოევთან ერთად ბრალი წარუდგინა კიდევ 2 პირს, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
სამივე პირს ბრალდება 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც 8-12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.