„ოლე ოლა“-ს შემსრულებელ Kordz-ს თავს დაესხნენ

პუბლიკა

მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz) თავს დაესხნენ.

კორძმა საპროტესტო სიმღერა „ოლე ოლას” მუსიკალური გაფორმება გაუკეთა.

„ოლე ოლა” შეიცავს უცენზურო სიტყვებს „ქართული ოცნების” მისამართით.

მუსიკოსი ამბობს, რომ უკვე 6 თვეა, მუქარებს იღებს.

„დღეს 4-5 ადამიანი დამხვდა ბებიაჩემის სახლთან, მიზანმიმართულად. მაგინებდნენ და მომსდევდნენ, უბრალოდ, მოვახერხე გამოქცევა. შევედი ახლოს მაღაზიაში, სადაც ადამიანები დამეხმარნენ. პოლიციაში განვაცხადე, რადგან ადგილზე არის კამერები და შეუძლიათ სიტუაციის ნახვა. 6 თვეა ვიღებ მუქარებს. გუშინ ვანო თარხნიშვილსაც იმავენაირად დახვდნენ. ასეთია საქართველოში ცხოვრება დღეს”. – დაწერა მან Instagram-ზე.

განახლება: 9 ივლისს შსს-მ განაცხადა, რომ საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. 

რამდენიმე დღით ადრე, 6 ივლისს, თავს დაესხნენ სხვა მუსიკოსს – ვანიკო თარხნიშვილს.

მან გამოაქვეყნა ფოტოები, რომელებზეც ჩანს, რომ სახის არეში – თვალთან და ცხვირთან – სისხლნაჟღენთები აქვს.

იმავე დღეს სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-იმ გაავრცელა ვანიკო თარხნიშვილზე თავდასხმის ამსახველი კადრები ტექსტით: „ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც “ოლე ოლას” მომღერალ ვანიკო თარხნიშვილს აღშფოთებული მოქალაქე ფიზიკურად უსწორდება”.

სიმღერა „ოლე ოლას” გამო 2025 წლის 4 მარტს თავს დაესხნენ კიდევ ერთ მუსიკოსს, დავით გაბუნიას. გაბუნიამ მაშინ თქვა, რომ მას სოფო ბედიას ქმარმა, მიშა მესხმა დაარტყა.