ოლიმპიური კომიტეტი: ლუკა კურტანიძის ყრილობაზე არშეშვებას ფორმალობა ვერ გაამართლებს 

პუბლიკა

ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი აკრიტიკებს ჭიდაობის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ლუკა კურტანიძე 30 ნოემბერს ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობაზე არ შეუშვეს.

განცხადება ოლიმპიური კომიტეტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

აღმასკომის განცხადებით, „ნაცვლად იმისა, რომ სპორტისთვის თავდადებული და განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნება, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი, საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვახტანგ გორგასლის და ღირსების ორდენების კავალერი ყრილობის დარბაზში საპატიო სტუმრისთვის განკუთვნილ ადგილას დაესვათ, იქ შეკრებილი საზოგადოების თვალწინ ზურგი შეაქციეს და კარისკენ მიუთითეს”.

კომიტეტი წერს, რომ ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელთა ამ გადაწყვეტილებას ვერ გაამართლებს ის ფორმალური მოტივი, რომლის თანახმადაც, კურტანიძე ყრილობაზე მოწვეულთა სიაში არ ყოფილა და არც ის, რომ შესაძლო სტუმრობის თაობაზე ყრილობის ორგანიზატორები წინასწარ არ გაუფრთხილებია.

„ამ შემთხვევაში, არგუმენტად ვერ გამოდგება ვერც ყრილობის რეგლამენტი (თუ რომელიმე პარაგრაფი ამგვარს ითვალისწინებს), ან შესაბამისი მუხლი ფედერაციის წესდებისა (თუ ასეთი რამ წესდების რომელიმე მუხლით რეგულირდება). ამასთან ერთად, არსებობს ეთიკური და ზნეობრივი კანონები, ურთიერთობის წესი და ელემენტარული კეთილგონიერება, რომელიც გვავალდებულებს პატივი ვცეთ და დავაფასოთ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სახელს და ღირსებას”. – ნათქვამია განცხადებაში.

აღმასრულებელი კომიტეტი ასევე მიუთითებს, რომ ლუკა კურტანიძის დამსახურება „ქართული სპორტის წინაშე შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე იმ ყრილობაზე შეკრებილი ადამიანებისა” და რომ ჭიდაობის ფედერაცია არ არის კერძო დაწესებულება, შესაბამისად, საზოგადოების წინაშე მეტი ანგარიშვალდებულება აქვს.

„ჩვენ გვყავს მრავალი დიდი ჩემპიონი, რომელთა ცოდნა-გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია და გამოსაყენებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზით ჩამოცილებულია ფედერაციის მმართველობასაც და სამწვრთნელო საქმიანობასაც. 

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჭიდაობის ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ჩვენი საზოგადოების, ქართული სპორტის გულშემატკივრების წინაშე აკისრია.

ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებული სამწუხარო ამბავი ერთი ეპიზოდია ამ საერთო სურათში. სხვათა შორის, ფედერაციის ბოლო ყრილობა, როგორც ჩანს, დახურული აღმოჩნდა მედიისთვისაც, რომელსაც, სავარაუდოდ, ექნებოდა ლეგიტიმური კითხვები ჭიდაობაში დღეს არსებულ ვითარებასთან და არაერთი მიმართულებით პოზიციების დათმობასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები კარს მოგვადგა, ჩვენ კი, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი ლიცენზიანტი გვყავს ჭიდაობაში”, – აცხადებს აღმასკომი. 

პირველ დეკემბერს ლუკა კურტანიძემ განაცხადა, რომ 30 ნოემბრის ყრილობაზე მას ჯერ „ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მიანიშნა, რომ ზედმეტი იყო, შემდეგ კი გენერალურ მდივანმა, თამაზ გოგელიამ უთხრა, რომ ყრილობაზე დასწრების უფლება კანონით არ აქვს და გასვლა სთხოვა”.

ლუკა კურტანიძე თავისუფალი სტილით მოჭიდავეა. ის არაერთხელ გახდა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი. რამდენიმე მედალი მოიპოვა ვეტერანი მოჭიდავის რანგშიც. ასევე, იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე.

რაც შეეხება გეგა გეგეშიძეს – ის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს.

2019 წლის იანვარში, სპორტის სასახლეში, გეგა გეგეშიძემ ევროპის ორგზის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს, საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა.

ინციდენტიდან 2 კვირის შემდეგ გეგა გეგეშიძე დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებიდან 2 დღეში ის 5000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

2020 წლის 5 დეკემბერს გეგა გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. გეგეშიძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.