რუსული კანონის აქციებზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავიდა, მომდევნო პროცესი ზეგ, 27 დეკემბერს გაიმართება.
დღეს გამართულ სხდომაზე ორივე ბრალდებულმა გამოკითხვის ოქმის გარდა უდავოდ ცნო საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებები.
მათ დღეს სასამართლოს ჩვენებაც მისცეს. ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი ნაწილობრივ აღიარებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას, კერძოდ – აღიარებენ, რომ დააზიანეს ჯებირი, თუმცა არ აღიარებენ ჯგუფურად ამ ნივთის დაზიანებას.
მათივე თქმით, ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, აქციაზეც დამოუკიდებლად მივიდნენ და ჯებირის დაზიანების დროსაც ინდივიდუალურად მოქმედებდნენ.
…რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე ვიყავი და დავინახე, ახალგაზრდა ბავშვი როგორ გაიტაცეს, მე ამას გატაცებას ვერ დავარქმევდი, უფრო დავარქმევდი ჰაერში აგდებას, როცა ადამიანს იტაცებს, მაშასადამე ესაა იგივე პროვოკაცია, ჩემი აზრით. მე გულწრფელად ვამბობ, წამოვეგე პროვოკაციას და მივედი და […] დავიწყე ხელების რტყმა, რომ ახალგაზრდა ბიჭი გადამერჩინა.
…ამ მომენტში ჩემი ემოციები ვეღარ მოვთოკე და ეს რომ დავინახე, მივედი უბრალოდ ჯებირთან და დავიწყე ხელების რტყმა თუ რაცაა. არ მახსოვს, ხელში რა მეჭირა, მერე მითხრეს, ესა და ეს გეჭირაო, მე მართლა არ მახსოვს, იმ მომენტში რა მეჭირა და რას ვაკეთებდი…
მე ვიყავი მარტო მისული, არავისთან ერთად არ მივსულვარ … მარტო მივედი, ჩემი ნებით…
მიზეზი ის იყო, რომ რუსული კანონის გამო მივედი იქ… საქმე იმაში მდგომარეობს, რომ გულანთებული ეს ხალხი და ახალგაზრდობა რომ გამოიწვიეს და რომ გამოვიდნენ და მოწოდებები რომ იყო, გამოდითო და დავდგეთ რუსული კანონის საპროტესტო აქციებზეო, მეც მაშასადამე გამოვედი, თან მე ფიციც მქონდა დადებული შსს-ში რომ ვმუშაობდი, ჯარში ფიცი დავდე, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე-მეთქი და მე არ შემეძლო ამ ფიცის გატეხა. თუ ამ ფიცს გავტეხდი, მართლაც პასუხისმგებელი ვიყავი როგორც ქვეყნის და ღვთის წინაშე, ასევე ხალხის წინაშე.
[მოწოდებები, რომ დავამტვრიოთ…] არა, არ ყოფილა მაგდაგვარი და არც გამიგონია, რომ ვინმეს ეთქვას, დავარტყათ, დავაზიანოთ, შევვარდეთ, ამდაგვარი სიტყვები და მოწოდებები არ ყოფილა საერთოდ.
ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, იქ მყოფებს არც ვიცნობდი და არც შეხება მქონია. უბრალოდ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და ჩემი ნება, რომ მე იქ მივედი.
…გულწრფელად ბოდიშს ვიხდი, რომ დავაზიანე, ვინანიებ და ბოდიში, აღარ ვიზამ მეტს“, – განაცხადა ომარ ოკრიბელაშვილმა პროცესზე.
საბა მეფარიშვილმაც აღნიშნა იგივე გარემოებების შესახებ, რომ არ მოქმედებდა ჯგუფურად და რომ ჯებირი პროტესტის ნიშნად დააზიანა.
„… გამიჩნდა დაზიანების სურვილი იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება არ აქცევს ხალხს ყურადღებას, აკეთებს ისე, როგორც თავად უნდა… ვიყავი საქართველოსთვის… მინდოდა რუსული კანონის უკან წაღება”, – განაცხადა მეფარიშვილმა.
როგორც საქმის პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე აცხადებს, ის მომდევნო პროცესზე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგება. პროკურორი არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეში არ იკვეთება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ნიშნები.
მეფარიშვილსა და ოკრიბელაშვილს პროკურატურა 400-ლარიანი ჯებირების ჯგუფურად დაზიანებას ედავება. აღსანიშნავია, რომ ზიანი – 400 ლარი უკვე ანაზღაურებულია – ორგანიზაციამ (DRI), რომელიც მათ უფლებებს იცავდა, ჯებირის დაზიანებით დამდგარი ზიანი – 400 ლარი ივლისში აანაზღაურა.