ომბუდსმენი: ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ფემიციდზე სახელმწიფოს ნაბიჯები არასაკმარისია

პუბლიკა

სახალხო დამცველი ლამბალოში 14 წლის გოგოს მოძალადე „ქმრის” მიერ მკვლელობის ფაქტს ეხმაურება. ლევან იოსელიანი მომხდარს შემაძრწუნებელს უწოდებს, ბავშვის თვისუფლების უკანონო აღკვეთისა და ბავშვობის ასაკში იძულებით ქორწინების შესახებ.

ის ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ადრეულ ასაკში შესაძლო ქორწინების შემთხვევებზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებლისა, კვლავ პრობლემად რჩება როგორც ბავშვთა ქორწინების შემთხვევების, ასევე სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება.

„კრიტიკულად დაბალია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ.

სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.

სამწუხაროდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს.”. – აცხადებს სახალხო დამცველი და დასძენს, რომ შეისწავლის ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევებს, ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მყისიერი ნაბიჯების გადადგმას.

„უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეისწავლოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეფერირების პროცედურების შესაძლო დარღვევის ფაქტები”. – ნათქვამია ლევან იოსელიანის განცხადებაში.

საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო მოძალადე „ქმარმა” მოკლა. ინფორმაცია მკლველობისა და გამოძიების დაწყების შესახებ „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.

„მთავარი არხი“ ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით ამბობს, 28 წლის კაცმა არასრულწლოვანი გოგო დაახლოებით ორი თვის წინ „მოიტაცა”.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„პუბლიკა“ ცდილობს, გაარკვიოს, დაკავებულია თუ არა ბრალდებული.