ომბუდსმენი არასათანადო სახელფასო ანაზღაურებაზე სხვადასხვა სექტორში დასაქმებულთა პროტესტს ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დროს არასათანადო სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ პირთა გახშირებულ საპროტესტო გამოსვლებს.

საუბარია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისა და მძღოლების პროტესტზე, კომპანია „ბოლტის“, „ვოლტის“ და „გლოვოს“ კურიერების აქციასა და ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორების საპროტესტო აქციაზე.

როგორც ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, მნიშვნელოვანია დამსაქმებლებმა გააცნობიერონ, რომ შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლება შრომითი უფლების განუყოფელი ნაწილია და მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ღირსეული ცხოვრება.

„გასათვალისწინებელია, რომ ევროპის სოციალური ქარტია, რომლის ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენს საქართველოც, აღიარებს ყველა მუშაკის უფლებას, ჰქონდეს სათანადო სამართლიანი ანაზღაურება, რაც უზრუნველყოფს მათი და მათი ოჯახების ცხოვრების ღირსეულ დონეს.

როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკა მოწმობს, სამწუხაროდ, დასაქმებულების მიერ შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა ან სამუშაოსთან დაკავშირებული კრიტიკის გამოთქმა დამსაქმებლების მხრიდან მიუღებელ პოზიციად ფასდება და ხშირად საფუძვლად ედება დამსაქმებლის მიერ განსხვავებული მოსაზრების გამო მშრომელების შევიწროებას, სამსახურიდან გათავისუფლებას ან შრომითი უფლებების სხვაგვარ დარღვევას, “- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს დამსაქმებლებს, დასაქმებულების მხრიდან შრომის არსებით პირობებთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამოთქმის შემთხვევებში (მიუხედავად იმ გარემოებისა, დაცულია თუ არა შრომით დავასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები), ჰქონდეთ დასაქმებულებთან აქტიური კომუნიკაცია, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად და თავი შეიკავონ მათი ღირსების შემლახავი და დისკრიმინაციული ქმედებებისგან. მითუმეტეს, არ მიმართონ ისეთ რადიკალურ ღონისძიებებს, როგორიც დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაა.

სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, დასაქმებულთა დისკრიმინაციის და შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს შესაბამისი საკითხი.