გაფიცული ოპერატორები „ფორმულასთან“ პროტესტს აგრძელებენ

პუბლიკა

გაფიცული ოპერატორები, ვინც ტელეკომპანია „ფორმულას“ ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა, კომპანიის ეზოში არიან შეკრებილები და პროტესტს აგრძელებენ.

როგორც ოპერატორები „პუბლიკასთან“ ამბობენ, ისინი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისგან ღირსებისშემლახავი დამოკიდებულების გამო ბოდიშის მოხდას, სამსახურში აღდგენას, ხელფასების მატებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ოპერატორები ასევე ამბობენ, რომ იურისტებთან კონსულტაციებს გადიან და გეგმავენ სამართლებრივი დავის დაწყებასაც.

„ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები 31 იანვრიდან გაიფიცნენ, რის შემდეგაც ტელეკომპანიამ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა. ეს ინფორმაცია 3 თებერვალს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნანა ინწკირველმა „პუბლიკას“ დაუდასტურა. ინწკირველის თქმით, გათავისუფლებულია 25-მდე ოპერატორი.

ოპერატორების გაფიცვის დაწყების შემდეგ ტელეკომპანია დატოვა „ფორმულას“ ორმა ჟურნალისტმაც. მარტა ქურასბედიანი და ქეთი ხიდიშელი „პუბლიკასთან“ ამბობენ, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ოპერატორების გაფიცვის მიმართ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის დამოკიდებულების გამო მიიღეს.