ჟურნალისტებმა მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა ტელეკომპანია „ფორმულა“ დატოვეს

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტებმა მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა დატოვეს.

როგორც მარტა ქურასბედიანი „პუბლიკასთან“ ამბობს, „ფორმულას“ დატოვების გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის ოპერატორების გაფიცვის დაწყების შემდეგ მიიღო. გაფიცვაში მისი და ქეთი ხიდიშელის ქმრებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ასევე ოპერატორები არიან. მიზეზი კი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება გახდა ოპერატორების გაფიცვის მიმართ.

„დავტოვე არხი 1 თებერვალს, საკუთარი განცხადების საფუძველზე. ეს იყო არხის ვიდეო ოპერატორების გაფიცვის პირველ დღეს. მიზეზი გახდა ხელმძღვანელების დამოკიდებულება გაფიცული თანამშრომლების მიმართ. სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ ხელმძღვანელობამ ცილისმწამებლურ კამპანიას მიმართა, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი და ამიტომ დავტოვე არხი. არხის დატოვებას კავშირი არ აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან.

გამომდინარე იქიდან, რომ დაისვა გარკვეული კითხვის ნიშნები, ეს იყო ჩემთვის წითელი ხაზი და ბუნებრივია, იმ ნიუსრუმში მუშაობის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავდი.

ამიტომ ოთხშაბათსვე, თათბირზე, ვისაუბრე ამის შესახებ, რომ ეს პროტესტი ეხებოდა შრომითი პირობების გაუმჯობესებას და რადგან ეს აღქმული იყო სხვა კონტექსტში, მივიღე ასეთი გადაწყვეტილება“, – უთხრა მარტა ქურასბედიანმა „პუბლიკას“.

ტელეკომპანიის დატოვების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ქეთი ხიდიშელიც. ჟურნალისტი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ტელეკომპანია მანაც 1 თებერვალს დატოვა, გაფიცული ოპერატორების მიმართ ტელეკომპანიის დამოკიდებულების გამო.

„ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები 31 იანვრიდან გაიფიცნენ, რის შემდეგაც ტელეკომპანიამ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა. ეს ინფორმაცია 3 თებერვალს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნანა ინწკირველმა „პუბლიკას“ დაუდასტურა. ინწკირველის თქმით, გათავისუფლებულია 25-მდე ოპერატორი.

„ფორმულას“ გაფიცული ოპერატორები პროტესტს აგრძელებენ. ისინი ტელეკომპანიის ეზოში არიან შეკრებილები და ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდას, სამსახურში აღდგენას და ხელფასების მატებას მოითხოვენ.