„ფორმულამ" საინფორმაციო სამსახურის 25-მდე ოპერატორი გაათავისუფლა - რა ხდება

პუბლიკა

ტელეკომპანია ფორმულამ ნიუსრუმიდან 25-მდე ოპერატორი გაათავისუფლა.

ინფორმაციას  საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი გვიდასტურებს.

„HR დეპარტამენტმა იურისტებთან ერთად ეს პროცედურა უკვე ჩაატარა. სამსახურიდან გათავისუფლებულია საინფორმაციო სამსახურის 25-მდე ოპერატორი”. – გვითხრა მან.

ამ ეტაპზე ინწკირველი ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს, რადგან მისი თქმით “ვიღაცამ მოსვლა ვერ მოახერხა, ვიღაცას ბრძანება ვერ გააცნეს და ა.შ.”

მისი თქმით, ტელეკომპანია ძალიან რთულად აგრძელებს მუშაობას, “გაფიცვის პირველ დღეს იყო ეთერის ჩავარდნის ძალიან დიდი საფრთხე. მეგობარი ტელევიზიების, პრესსამსახურების და სააგენტოების მასალებით მოვახერხეთ ეთერში გასვლა”. – გვითხრა ინწკირველმა.

ინწკირველი გვიყვება, რომ მათ ხელფასების მატება მოითხოვეს.

„მე თავიდან არ ვიყავი ამ პროცესში ჩართული, ისე მოხდა, რომ საინფორმაციო სამსახურის გვერდის ავლით, პირდაპირ შევიდნენ გენერალურ დირექტორთან. მხოლოდ ოთხი ადამიანისთვის მოხდა ხელფასის გაზრდა, რისი საშუალებაც იყო. ერთი ოპერატორი გადავიდა სხვა სამსახურში და მისი ხელფასი განაწილდა, იმ სტაჟიორებზე, რომლებიც შტატში ჩავსვით, მათ ჰქონდათ სტაჟიორების ხელფასი და 100 პროცენტით გავუზარდეთ. დანარჩენთან დაკავშირებით დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე ამის საშუალება არ იყო”.

ინწკირველის თქმით, ესმის, რომ ხელფასის მომატება ყველას გვინდა. „მაგრამ არაფერზე წამოხვიდე, არ დათანხმდე მოლაპარაკებას, ეს ცოტა გაუგებარია, მაშინ როდესაც წინ ამხელა სასამართლო პროცესი გვაქვს და მაშინ როდესაც ტელევიზია წამგებიანია. დიდი პრობლემების და სირთულეების წინაშე ვართ”.

საინფორმაციო სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ ნიუსრუმის ამ ოპერატორების პროტესტი არ გაიზიარეს ჟურნალისტებმა, ასევე არც რეგიონების ოპერატორებმა არც ზოგადად ტვ ფორმულას ოპერატორებმა. “და როცა ჟურნალისტი ოპერატორის პროტესტს არ იზიარებს იქ რაღაც ისე არ არის” – გვითხრა ინწკირველმა.

ფორმულას საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები 31 იანვრიდან იყვნენ გაფიცულები. თუმცა, მედიასთან დეტალებზე საჯაროდ საუბარს ამ დრომდე თავს არიდებენ.

მათი პოზიციიდან რაც ცნობილია, იმ წერილში ვკითხულობთ, რაც მათ მედიაჩეკერს გაუგზავნეს. წერილში წერია, რომ “პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ მიიღეს დამამცირებელი დამოკიდებულება და კატეგორიული უარი პირობების გაუმჯობესებაზე”.