ომბუდსმენი: დადებითად ვაფასებ გიორგი მამალაძის გათავისუფლების ფაქტს

პუბლიკა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დადებითად აფასებს გიორგი მამალაძის გათავისუფლებას.

სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენმა გიორგი მამალაძის საკითხზე, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე 3 თვის წინ რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს:

„სახალხო დამცველის რეკომენდაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების სხვა კრიტერიუმებს. სახალხო დამცველი მოუწოდებდა საბჭოს სრულყოფილად შეესწავლათ გიორგი მამალაძის მდგომარეობა და ჯეროვანი ყურადღება გამახვილებულიყო რეკომენდაციაში მითითებულ ყველა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წელს, სახალხო დამცველმა, მოწვეული სამედიცინო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე. შემდეგ პერიოდშიც გრძელდებოდა საქმის შესწავლა და სახალხო დამცველის 2020-2022 წლების ანგარიშებში მუდმივად იყო საუბარი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ ის ვერ იღებდა სათანადო სამედიცინო მომსახურებას სრულყოფილად. საბოლოოდ, 2023 წლის 30 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის მინისტრს მიმართა. სახალხო დამცველი მიესალმება მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას”, – წერია განცხადებაში.

გიორგი მამალაძემ საპატიმრო დაწესებულება გუშინ დატოვა.

გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ის პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებდა.