სახალხო დამცველის 2023 წლის საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში მიუთებს ქვეყანაში არსებულ უთანასწორო გარემოზე, რომელიც ხელს უშლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა თანაბარ მონაწილეობას. ანგარიშში მოტანილია სხვადასხვა კვლევებისა და შეფასების ინდექსების მონაცემები, რომლებიც ცალსახად მიუთითებს ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური გაძლიერების კუთხით არსებულ გამოწვევებს.
აღსანიშნავია, რომ „გირჩი” გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება და გაუქმდეს ყველა ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვდა. კანონპროექტში შეთავაზებულ ცვლილებებს ექნება მმართველი პარტიის მხარდაჭერა.
ქალთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებები კიდევ უფრო გააუარესებს ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური გაძლიერების კუთხით არსებულ პრობლემებს და კიდევ უფრო შეამცირებს ქალების წარმომადგენლობას საპარლამენტო ცხოვრებაში.
ომბუდსმენის ანგარიშში მოტანილია 2023 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მონაცემები, რომლით მიხედვითაც, საქართველომ, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მაჩვენებლით, მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა და 57- ე ადგილიდან 91-ე ადგილზე გადაინაცვლა.
პარლამენტთაშორისი კავშირის მონაცემების მიხედვით კი, საქართველო 26 ქალით პარლამენტში, 121-ე ადგილიდან 128-ე ადგილზე გადავიდა. ამასთანავე, საქართველოში მინისტრების პოზიციაზე ქალები მხოლოდ 16.67%-ს შეადგენენ.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალ პოლიტიკოსთა ნახევარზე მეტს (54%) განუცდია ამა თუ იმ ტიპის ძალადობა პოზიციაზე ყოფნის პერიოდში, ან საარჩევნო კამპანიის განმავლობაში.
ასევე, გამოკითხულ პოლიტიკოსთა ნახევარზე მეტს (56%) პირადად გამოუცდია დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე.
ამ ყველაფრის პარალალურად კი ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, 2023 წელს დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა მინიმალურად ითვალისწინებს ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას, პოლიტიკაში გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრას და რეალურ შედეგზე ორიენტირებული არ არის.
უფრო მეტიც, ქალი პოლიტიკოსების მიმართ საჯარო პირების მხრიდან კვლავ ისმის მიზოგინური და სექსისტური განცხადებები.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის მონაცემებით, მაღალია აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელე ქალების რაოდენობა. თუმცა, კვლავ დაბალია თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე დასაქმებულ ქალთა რიცხვი, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირთა 16.7%-ია ქალი, ხოლო I-II რანგის საჯარო მოხელეთა 31.9% ქალია.
კიდევ უფრო დაბალია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე დასაქმებული ქალების პროცენტული წილი, სადაც I-II რანგის საჯარო მოხელეთა 9.8% ქალია, ხოლო უმაღლესი თანამდებობის პირებიდან არცერთი არ არის ქალი.
პრობლემურ საკითხადაა განხილული ისიც, რომ უკიდურესად დაბალია სოფლად მცხოვრებ ქალთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ომბუდსმენის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციით, სოფლის კრებებზე ნაკლებად საუბრობენ ქალთა საჭიროებებზე.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს ძალისხმევას, გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით, გასული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და პოლიტიკის დონეზე, თუმცა ამ მიმართულებით კვლავ არაერთი გამოწვევა რჩება.