ომბუდსმენი: გრიგორიადისს ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატი აქციაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სამი მათგანი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისი. ომბუდსმენის ცნობით, გრიგორიადისს აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება და სიწითლე.

„სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს.

სამი მათგანი მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით.

მათ შორის, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე. სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს გამოძიების მონიტორინგს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, განაგრძობენ სხვა დაკავებულების ადგილსამყოფლის დადგენას, მათი მონახულებისა და უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით.