ომბუდსმენი: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ფულის გათეთრების ელემენტები არ იკვეთება

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, ნიკოლოზ მარსაგიშვილს სასამართლოს მეგობარმა (Amicus Curiae) მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მოსაზრება წარუდგინა.

დოკუმენტის თანახმად, საქმის მასალებში არ იკვეთება იმ ელემენტების არსებობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქმედება ჩაითვალოს ფულის გათეთრების დანაშაულად.

როგორც დოკუმენტში წერია, საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებს მიღებული თანხა არ განუთავსებიათ სხვადასხვა ანგარიშებზე, არ დაუშლიათ მცირე ერთეულებად კონტროლისთვის თავის არიდების მიზნით, არ განუხორციელებიათ წვრილმანი გადარიცხვები და ამავდროულად, საქმიდან საერთოდ არ იკვეთება თანხის მათ ანგარიშზე უკან დაბრუნება, რაც დანაშაულის ჩადენის მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, ზოგადად, ფულის გათეთრების სქემა სამ ეტაპს მოიცავს; თავდაპირველად დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა ბანკის როგორც წესი, სხვადასხვა ანგარიშებზე განთავსდება, შემდგომ მრავალი წვრილმანი გადარიცხვა სრულდება, რათა მაკონტროლებელმა ორგანოებმა აღნიშნული თანხის წარმომავლობის დადგენა ვეღარ შეძლონ, ბოლოს კი თანხა დამნაშავის საბანკო ანგარიშზე ბრუნდება.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროცესის მიმდინარეობისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო უნდა დაეყრდნოს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკას, რომელიც ზემოაღნიშნული ელემენტების არსებობის აუცილებლობაზე მიუთითებს“.

აღნიშნული დოკუმენტი აერთიანებს ბრალდების საქმის მასალების 33 ტომის სრულად გაცნობის შედეგად სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ საკვანძო კითხვის ნიშნებს, რომელზე მსჯელობასაც, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ ყურადღება უნდა დაუთმოს.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, სასამართლოს ასევე წარედგინა ფულის გათეთრების სხვა ეკონომიკური დანაშაულებისგან გამიჯვნისა და სისხლისსამართლებრივი ნორმის სწორი განმარტების მიდგომის შესახებ მსჯელობა.