ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს შეაჩეროს უზენაესის მოსამართლეების არჩევის პროცესი

პუბლიკა

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი.

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მორიგი პროცესი დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები შექმნა და აპირებს მიმდინარე კვირას მოუსმინოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხივე კანდიდატს, რის შემდეგაც კანდიდატები ასარჩევად პლენარულ სხდომას წარედგინება. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს აღნიშნულ პროცესის შეჩერებისაკენ მოუწოდებს.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს 4 კანდიდატი წარუდგინა გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაწყებული შერჩევის ორი კონკურსის ფარგლებში. მათ საფუძველზე გამოვლენილი სერიოზული ხარვეზები, მათ შორის პროცესის სამართლიანობისა და კანდიდატებს შორის თანასწორობის მიმართულებით, დაწვრილებით არის აღწერილი ეუთო/ოდირის მესამე ანგარიშში.

სამწუხაროდ წლიდან წლამდე მცირდება იმ განმცხადებლების რაოდენობა, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, რაც შერჩევის პროცედურის მიმართ უნდობლობას აჩვენებს. 9 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადება მხოლოდ 51-მა კანდიდატმა წარადგინა, საიდანაც 17-მა თავისი კანდიდატურა მოხსნა, 3 კანდიდატი კი საბჭოს გადაწყვეტილებით გამოეთიშა კონკურსს. 1 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრირებული ჯამში 18 კანდიდატიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ 5 მათგანის შეფასება შეძლო, ვინაიდან დანარჩენებმა საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ორივე კონკურსის ჯამში დამატებითი განცხადება მხოლოდ 3-მა კანდიდატმა წარადგინა, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული მექანიზმის არაეფექტიანობასა და ხარვეზულობას.

განსაკუთრებულად გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ მეორე კონკურსში კანდიდატებთან გასაუბრებასა და მათ შეფასებაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 10 წევრი – 9 მოსამართლე წევრი და პრეზიდენტის მიერ დანიშნული 1 წევრი, ვინაიდან ამ დროისათვის პარლამენტის მიერ არჩეულ 5-ვე არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ამოწურული ჰქონდა, ხოლო მათ ნაცვლად ახალი წევრები პარლამენტს ამ დრომდე არ აურჩევია“,- ნათქვამია განცხადებაში.