ომბუდსმენი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს პრეზიდენტს, ნიკა გვარამიას მიმართ გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება.

ომბუდსმენმა შეისწავლა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის სამართლებრივი საქმე და დაასკვნა, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია.

ომბუდსმენის განცხადებით, ნებისმიერი სამეწარმეო გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი შეფასების საგანი. ჩვეულებრივი სამეწარმეო გადაწყვეტილების გამო პირის დასჯა არღვევს კანონიერების პრინციპის მთავარ ელემენტს – ნორმის განჭვრეტადობას.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დაუშვებელია მენეჯერის დასჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, როცა სასამართლო ვერ ასაბუთებს მის პირად დაინტერესებას, თაღლითობას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ან სხვა დანაშაულებრივ ქმედებას.

„[სასამართლომ] საერთოდ არ იმსჯელა, თუ რა შემთხვევებში შეიძლება გახდეს მენეჯერის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივად რელევანტური და რატომ იყო ეს შემთხვევა ამ განზომილების მქონე, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს მოცემულ საქმეზე წარდგენილი ჰქონდა დეტალური სამართლებრივი მსჯელობისა და არგუმენტაციის შემცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

გარდა ამისა, ფაქტობრივი გარემოების განხილვისას სასამართლო დაეყრდნო ფარული საგამოძიებო მოქმედებით მიღებულ ინფორმაციას. და ბოლოს, მოსამართლემ არ დაასაბუთა გამოყენებული საპატიმრო სასჯელის არც სახე და არც ზომა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წინამდებარე განაჩენი წარმოადგენს კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება“, – წერს ომბუდსმენი.

 

LB loan image desktop LB loan image mobile