ომბუდსმენი საჯარო უწყებებისგან მედიასთან დაკავშირებულ შესაძლო დისკრიმინაციულ მიდგომებს შეისწავლის

პუბლიკა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას მედიასთან დაკავშირებით აპარატი შეისწავლის.

„თვალშისაცემია ეს მიდგომები და განცხადებები. რა თქმა უნდა, ამ განცხადებას შევისწავლით, წინასწარ ალბათ არ გავაკეთებ კომენტარს დისკრიმინაციულობასთან დაკავშირებით, რადგანაც წარმოებას დავიწყებთ და შევისწავლით, თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადებები დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა კეთდებოდეს. ალბათ წარმოუდგენელი იქნება, მაგალითად, სახალხო დამცველმა შეუზღუდოს მედიის რომელიმე წარმომადგენელს დასწრება ჩვენს ბრიფინგებზე , იგივე ეხებათ სხვა საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს. როგორც სახალხო დამცველის აპარატი არის საჯარო უწყება, ასევე არის მერია და სხვა სამინისტროები, რომელთა ვალდებულებაა, რომ თანაბარი წვდომა მისცენ მედიას.

რა თქმა უნდა, ის [მედია] თავად წყვეტს საკუთარი სარედაქციო პოლიტიკით და საკუთარი ეთიკის სტანდარტების დაცვით როგორ აირჩევს ამა თუ იმ მოვლენის გაშუქებას, ეს შეიძლება  მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს. მათ შორის შეიძლება მეც ხან მომწონდეს, როგორ აშუქებენ ჩვენს საქმიანობას, ხან არ მომწონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ხელი შევუშალოთ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამ განცხადებით ლომჯარია გამოეხმაურა როგორც კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას, ასევე, კულტურის სამინისტროს ბრიფინგებზე შერჩევით მედიის წარმომადგენლების დაშვებას.