ომბუდსმენი სასამართლო განხილვებში სააკაშვილის ჩართვას მოითხოვს

პუბლიკა

სახალხო დამცველი მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის ჩართვას  სასამართლო განხილვებში. მისივე შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეზღუდვა, მონაწილეობდეს თავისსავე სასამართლო განხილვებში, უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

„პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ აბსტრაქტულად იმაზე მითითება, თითქოს შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანა იქნება მისი ჯანმრთელობისთვის რისკის მატარებელი, ვერ მიიჩნევა დასაბუთებულ არგუმენტად. ეს პრაქტიკულად წაართმევს ყველა მოშიმშილე პატიმარს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ბრალდების საქმეში და ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. უფრო მეტიც, კანონმდებლობა განიხილავს მსგავს შემთხვევაში მოქმედების პროტოკოლსაც და ჯანმრთელობის რისკის შემთხვევაში, ბრალდებულის გადაყვანის პროცესში სამედიცინო მუშაკის თანხლებას მოითხოვს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის სასამართლოში გამოქვეყნებულ წერილებს არ ერთვის ექიმის დასაბუთებული დასკვნა/პოზიცია, ხოლო გენერალური დირექტორი არ წარმოადგენს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალს, რომელსაც დამოუკიდებლად შეიძლება ჰქონდეს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არც ექიმს და არც ექიმთა კონსილიუმს მსგავსი დასკვნა არ გაუცია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მიერ ამ არგუმენტით ბადრაგირებაზე უარის თქმა ყოვლად დაუსაბუთებელია.

„რაც შეეხება ე.წ. უსაფრთხოების მიზეზით მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარის თქმას, საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ბადრაგირება ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისას სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის მისაღებად საერთო სასამართლოების შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, რომელიც არ საჭიროებს დამატებით გადაწყვეტილებას“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ იცნობს პენიტენციური სამსახურის მხრიდან რომელიმე საქმის გამოძიების გამო ბრალდებულის სასამართლოში გადაყვანაზე უარის თქმის შესაძლებლობას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული გამოძიების ხანდაზმულობის მაქსიმალური ვადა 10 წელს შეადგენს, ამრიგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე საქმის გამოძიების პროცესზე მითითება პენიტენციური სამსახურის მხრიდან შესაძლებელია კანონშეუსაბამოდ, თვითნებურად და პერმანენტულად გაგრძელდეს, რაც ბრალდებულის დაცვის უფლების ფაქტობრივი ანულირება იქნებოდა.

„დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების საკითხები მკაფიოდ უნდა განიმარტოს და შეესაბამებოდეს აუცილებლობის (necessity) კრიტერიუმებს. მოსამართლეებმა უნდა განიხილონ ყველა შესაძლო ალტერნატივა, რომელიც არის ნაკლებად მზღუდავი და გამოიყენონ ყველაზე ნაკლებად მკაცრი შესაძლებლობა, რომელიც უსაფრთხოების საფრთხეებს აკმაყოფილებს. სამართლიანი სასამართლოსა და საჯარო მოსმენის გარანტიები დარღვეულად არის მიჩნეული, როდესაც ეროვნული სასამართლო არ განმარტავს, თუ რატომ ვერ შეძლებდა სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატი უსაფრთხოების რისკების გამკლავებას“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს სათანადო არგუმენტი, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილს უნდა ეზღუდებოდეს სასამართლოს წინაშე პირადად წარდგომის შესაძლებლობა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი პოზიცია ვერ გადაწონის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც სხვა გარანტიებს შორის მოიცავს ბრალდებულის უფლებას პირადად და უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა საქმის ზეპირ, საჯარო განხილვაში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის, მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის პრინციპის უზრუნველყოფით.

სახალხო დამცველი მიმართავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები და უზრუნველყოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს წინაშე წარდგენა, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი გარანტიებით. ასევე, მიმართავს სასამართლოს, სამივე მიმდინარე საქმის განხილვის ფარგლებში მისცეს ბრალდებულს პოზიციის დაფიქსირების, მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობისა და საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.


მიხეილ სააკაშვილს, დაპატიმრების შემდეგ, უკვე სამჯერ არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. სამივე შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე უარი განაცხადა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელიც, ომბუდსმენის განცხადებით, სასამართლომ დამატებითი კრიტიკული მსჯელობის გარეშე გაიზიარა.

სასამართლოში ბრალდებულის მიყვანაზე უარის მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა (1) მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მკურნალობის არსებითი ნაწილის შეწყვეტა და (2) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა.