ომბუდსმენი: შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ ძალადობრივი ხასიათის შემთხვევაში

პუბლიკა

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აკვირდება პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიატორიაზეა გაშლილი.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ 22:25 საათისთვის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან საქართველოს პარლამენტის შენობის ჭიშკართან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა ჭიშკარის მთლიანობის დაზიანებას.

„საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მართალია, შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად.

თუმცა, ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი და მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს”. – აცხადებს სახალხო დამცველი.

დღეს, 1 მაისს რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. შსს-მ განაცხადა, რომ პოლიცია სრულად გაიყვანა ადგილიდან. რამდენიმე ათეული ადამიანი 9 აპრილის ქუჩის მხრიდან პარლამენტის ჭიშკარს ეჯაჯგურებოდა.

სპეცრაზმმა, რომელიც პარლამენტის ეზოში იყო, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სავარაუდოდ, რეზინის ტყვია გამოიყენა. შემდეგ კი გაზი რამდენჯერმე გაუშვეს რუსთაველის გამზირის მხარესაც.

ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ჭიშკარზე ევროკავშირის დროშა ჩამოკიდა. მას წიწაკის სპრეი შეასხეს. მალევე ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.