სახალხო დამცველი პარლამენტის შენობის წინ სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების შეკრებას ეხმიანება, რომლის მონაწილეებსაც გუშინ, 16 სექტემბერს, ადგილზე კარვის განთავსების შესაძლებლობა არ მისცეს.
ომბუდსმენის თქმით, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა და ისინი ვალდებულნი არიან მისცენ კარვის გაშლის საშუალება მითუმეტეს, რომ შეკრების მონაწილეებს შორის არიან მოშიმშილეებიც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს აუცილებელი პირობები შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის და მათ შორის, ხანგრძლივი, „ოკუპაციური“ სტილის აქციების გასამართად.
„საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის დროებითი კონსტრუქციების გამოყენების შეზღუდვის ფაქტებს და განმარტა, რომ მათი განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. ასეთი საშიშროება კი, პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ამავდროულად, მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით არ გავრცელებულა რაიმე სახის ინფორმაცია, რაც კარვის ფლობის შედეგად, შეკრების მონაწილეების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების რეალურ რისკებზე მიუთითებდა.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს აუცილებელი პირობები შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის და მათ შორის, ხანგრძლივი, „ოკუპაციური“ სტილის აქციების გასამართად. თავის მხრივ, ამინდის გაუარესების პარალელურად კარვით სარგებლობა არა მხოლოდ უფლებით დაცულ სიმბოლურ ჟესტს, არამედ შეკრების გამართვისა თუ მისი უწყვეტი მიმდინარეობისთვის აუცილებელ წინაპირობასაც წარმოადგენს, რაც ხელისუფლების მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას დამატებით მნიშვნელობას სძენს. ნიშანდობლივია ისიც, რომ შეკრების მონაწილეებს შორის არიან მოშიმშილეებიც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ განახორციელოს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა და მისცეს მათ კარვით სარგებლობის შესაძლებლობა კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
შუქრუთელები უკვე 189 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას. მე-17 დღეა რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. 5-ს კი პირი აქვს ამოკერილი.
ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ. შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.
შუქრუთელების მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.
თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულოს ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს.