გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ოჯახის ადვოკატი დღეს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის ჩაერთვება ბაჩალიაშვილის საქმის შესწავლის პროცესში და ასევე, ლომჯარია სურვილს გამოთქვამს, ამ საქმესთან დაკავშირებით შეხვდეს გენერალურ პროკურორს.
„სახალხო დამცველი ჩაერთვება ამ საქმის შესწავლის პროცესში. ადვოკატთან ერთად გავეცნობით საქმის მნიშვნელოვან ნაწილს და იმ გარემოებებს, რასთან დაკავშირებითაც დაზარალებულ მხარეს აქვს წუხილი. მე ასევე გამოვთქვამ სურვილს, რომ პირადად შევხვდე გენერალურ პროკურორს, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და საქმეზე სრულ დაშვებას გვაძლევენ“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეში არის გარკვეული გარემოებები, რომელზეც მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყურადღება გამახვილდეს.
„განსაკუთრებით, იმავე მეხსიერების ბარათთან დაკავშირებით გარკვეული გარემოება, როდესაც ოჯახი აცხადებს, რომ მათ გადასცეს მეხსიერების ბარათი გამოძიებას და შემდეგ უკვე, როგორც ვიცით, აღარ ფიქსირდება გამოძიების მასალებში; ასევე გარკვეული ჩვენებები და, სავარაუდოდ, გამომძიებელთა მიერ გაკეთებული განცხადებები ოჯახის წევრებთან, რომლებიც შემდგომ უარყვეს. ამიტომ ამ გარემოებებს ვფიქრობთ, რომ სჭირდება დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის შეფასებით, მათ მიიღეს ძალიან დამაიმედებელი პასუხი სახალხო დამცველისაგან.
„მან [სახალხო დამცველმა] მოგვცა პირობა, რომ კანონის თანახმად ყველაფერი იქნება გამოყენებული. რეკომენდაციებიც, მისი თქმით, ის პირადად შეხვდება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურორს. საუბარი იქნება სატელიტური ანძებიდან გადაღებულ სურათებზეც, მოტივზეც, იმ ვერსიებზეც იქნება საუბარი, რომელიც მხოლოდ სიტყვიერად არის ცნობილი. საუბარი იქნება იმ ექსპერტებზეც და დასკვნებზეც“, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.
რამიშვილი აღნიშნავს, რომ მათ ექნებათ დეტალური საუბარი გენერალურ პროკურორთან და შესაბამისად, იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის სიტყვასაც ექნება გარკვეული შედეგი.