ომბუდსმენი: დაკავებულების უმეტესობა, კერძოდ, 22 მათგანი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატი გუშინ აქციაზე დაკავებულთა შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მოინახულეს 25 პირი, მათგან 11-ს ჰქონდა სხეულზე ხილული დაზიანებები.

„საგანგაშოა, რომ თითქმის ყველა დაკავებული, კერძოდ 22 პირი მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. 9 დაკავებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე, მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

დაკავებულ პირთაგან 11-ს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კლინიკაში მოთავსებულ პირებს ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი ნიშნები – გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ დაკავებულს თვალ-ბუდის არეში დაზიანება ჰქონდა მიღებული. რწმუნებულთან გასაუბრების დროისთვის მას თვალი დამუშავებული და შეხვეული ჰქონდა.

დაკავებულთა გადმოცემით, სამწუხაროდ, მათი დაკავება ხდებოდა განურჩევლად, მიუხედავად იმისა, რომ, ზოგიერთი დაკავებულის თქმით, გზის სავალ ნაწილზე არც იმყოფებოდა და ისინი ტროტუარზე დააკავეს.

სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობისა და სხვა სამართალდარღვევის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და გააგრძელებს შემდგომ მონიტორინგს მიმდინარე სამართალწარმოებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა.

უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს შორის. პოლიციამ აგინა და სცემა აქციის მონაწილეებს. „ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, როგორ უსწორდება გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი დაკავებულ მოქალაქეს. რამდენიმე დაკავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

პოლიცია მუშაობაში ხელს უშლიდა ჟურნალისტებსაც. აქციაზე დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ნიკო კოკაია.

საქართველოს მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა დადგენილება, რომლითაც სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებიც დაემატა და მისი გადაკეტვა აიკრძალა. ამ მუხლის დარღვევა პატიმრობას ითვალისწინებს.