ომბუდსმენი უფლებადამცველების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიას ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და  უფლებადამცველების მიმართ წარმოებულ დისკრედიტაციის კამპანიას ეხმაურება.

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის აგვისტოში მმართველმა პარტიამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში შექმნილ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაკარგვის მიზეზით, არ ჩართო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), რომელსაც ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრულ ერთ-ერთ პირობას, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს და აზიანებს ცვლილებების ეფექტიანად და სიღრმისეულად განხორციელების პროცესს.

აღნიშნულს მოწმობს ისიც, რომ ამ ფაქტის შედეგად, პარლამენტში შექმნილ ჯგუფებში თავისი მონაწილეობა შეაჩერეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა ექსპერტული ცოდნა უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში რეფორმების განხორციელების პროცესში.

საგულისხმოა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას თან სდევდა და დღემდე გრძელდება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის და საზოგადოებაში მათი სანდოობის შემცირების მცდელობა.

პრობლემის ნათელი გამოხატულებაა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი ბოლო განცხადება, რომელშიც მან არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯების გაუმჭვირვალე და რისკის შემცველ ხასიათზე მიუთითა. იმ ფონზე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია მათ ვებგვერდებზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინფორმაციის მსგავსი სახით წარმოჩენა მიზნად მხოლოდ საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნას ისახავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ  ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ობიექტები ძირითადად მისი საქმიანობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ხდებიან, რაც წარსულშიც არაერთხელ შეაფასა სახალხო დამცველმა, როგორც მიუღებელი პრაქტიკა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს, თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან;

„მომავალში, უზრუნველყონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების არსებითი ჩართულობა და თავიდან აიცილონ შესაბამის ორგანიზაციათა დაშვება იმის მიხედვით, თუ რამდენად მისაღებია მათ მიერ გამოხატული პოზიციები”, – ამბობს ომბუდსმენი.