ომბუდსმენი: ვგმობ პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, არასათანადო მოპყრობის ფაქტებს

პუბლიკა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, „შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები”.

ომბუდსმენი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა ამ ფაქტზე გამოძიება და მისცეს შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ასევე, ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას – პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და არაეთიკური მიმართვების ფაქტებზე ჩატარდეს სამსახურებრივი შემოწმება.

„შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები. ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც.

ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის ქალი პოლიტიკოსების მიმართ.

სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა ამ ფაქტზე გამოძიება და მისცეს შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას – პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და არაეთიკური მიმართვების ფაქტებზე ჩატარდეს სამსახურებრივი შემოწმება.

სახალხო დამცველის რწმუნებულები მოინახულებენ ყველა დაკავებულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს. დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 1481 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში”, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 2 თებერვალს „თბილისი მოლთან” გამართულ საპროტესტო აქციაზე საპოლიციო ძალები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დააკავეს აქციის მონაწილეები, მათ შორის პოლიტიკოსები, ნიკა მელია და გიგი უგულავა. მელიას პოვნას თანაპარტიელები ამ დრომდე [22:00] ვერ ახერხებენ.

დაკავებულთა შორისაა დიმიტრი ბიძინაშვილიც.

ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ სხვა დაკავებულთა სახელებს და გვარებს.

მათ შორის, ერთ-ერთი 16 წლის ნიკოლოზ გველუკაშვილია. მის შესახებ ინფორმაცია ჯგუფ „დაიტოვეში“ დამ გაავრცელა.

დაკავებულთა შორისაა თსუ-ის სტუდენტი კონსტანტინე კობერიძე და ალექსანდრე გოგოლაძე.

ვრცელდება ინფორმაცია „რა სად როდის“ კლუბის წევრის, ირაკლი ვეშაგურიძის დაკავების შესახებ.

ახლობლების ინფორმაციით, აქციაზე დაშავდა სანდრო აბესაძე, რომელიც „ვივამედში“ გადაიყვანეს. „დაიტოვეში“ ერთ-ერთ პოსტზე თავად სანდრო აბესაძე წერს, რომ ჩაუტარდა გამოკვლევები და თავს კარგად გრძნობს.

„პუბლიკა“ შსს-თან ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.