ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები, სიტუაციის დეტალურად გაცნობისთვის, მარნეულში გაემგზავრნენ

პუბლიკა

სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატი ყურადღებით აკვირდება მარნეულში მიმდინარე მოვლენებს. მათი თქმით, ამ წუთებში აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან.

„ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია „მთავარი”, საზოგადოებრივი მაუწყებელი)…

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად”, – წერს სახალხო დამცველი.


მარნეულში  ენმ-ის აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დღის ბოლოს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. მოხმდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ მარნეულში თავს დაესხნენ „მთავარი არხისა” და „საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლებს.

შსს-ს განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარის” და პირველი არხის თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე დაიწყო გამოძიება და ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.