ომბუდსმენის ასეთი დუმილი არასწორია – წითლიძე POSTV-ის კამპანიაზე

პუბლიკა

„თითოეული ქალი, რომელიც უპირისპირდება ბინძურ სისტემას, შალვა რამიშვილის სახით, მინდა ვუთხრა, რომ ამ სამართლიან ბრძოლაში ვიქნები მათ გვერდით“. – განაცხადა  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატმა, ანი წითლიძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანი წითლიძემ ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“  პროპაგანდისტ შალვა რამიშვილის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი ქალის სამართლიანი ბრძოლა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც საჯარო მტკიცებულებებით არის მხილებული სექსუალურ შევიწროებაში. ფაქტები არის გამაოგნებელი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და მასშტაბები, თუ რამდენ ქალს შეეხო სექსუალური შევიწროება შალვა რამიშვილის მხრიდან არის გამაოგნებელი“, – განაცხადა ანი წითლიძემ

წითლიძემ ბრიფინგის დროს ასევე მიმართა სახალხო დამცველს, რომელიც ამ დრომდე არაფერს ამბობს ამ ფაქტთან დაკავშირებით და ეს დუმილიც არის დანაშაული.

„სახალხო დამცველი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ადამიანის უფლებების დაცვა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ამ დრომდე დუმს. სისტემა, რომელიც ცდილობს ქალების სამართლიან ბრძოლას „ქართული ოცნების“ ბინძური პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, დაუპირისპიროს ტერორი, შავი პროპაგანდა და სისტემა ცდილობს, რომ იყოს მოძალადის მხარეს, ამ ფონზე მე მინდა მივმართო საქართველოს სახალხო დამცველს. რბილად რომ ვთქვათ, სახალხო დამცველის ასეთი დუმილი არის ძალიან არასწორი და სახალხო დამცველი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თავისი სიჩუმით იდგება არა მოძალადე რამიშვილის, არამედ იმ ქალების მხარეს, რომლებიც განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას, შალვა რამიშვილის მხრიდან“. – განაცხადა ანი წითლიძემ

ბრიფინგის ბოლოს ანი წითლიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. მისი თქმით, შსს-ს აქვს ყველანაირი მტკიცებულება იმის, რომ შალვა რამიშვილი სექსუალურად ავიწროებდა ქალებს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამაზე არანაირი რეაგირება არ აქვს.

პროპაგანდისტული არხი POSTV რამდენიმე დღეა, ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, თათია სამხარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებს. თათია სამხარაძე ამბობს, რომ მისი, როგორც ქალთა უფლებადამცველის უსაფრთხოება საქართველოში საფრთხეშია. მან სახალხო დამცველსაც მიმართა.

თათია სამხარაძე პირველია, ვინც პროპაგანდისტული POSTV-ის მფლობელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რომელიც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა ქალმა ამხილა. 25 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტს ასახავს.