საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი მზადყოფნას გამოთქვამს, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის კომპეტენტურ სამედიცინო წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ვინაიდან იუსტიციის მინისტრის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხები მოითხოვს კვალიფიციურ მსჯელობას და სპეციალურ სამედიცინო ცოდნას, სახალხო დამცველი და სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მზად ვართ სამუშაო ფორმატში შევხვდეთ იუსტიციის სამინისტროს/პენიტენციური სამსახურის კომპეტენტურ სამედიცინო წარმომადგენლებს, სახელმწიფო კონსილიუმს, ექიმ-სპეციალისტებს და აღნიშნულთან დაკავშირებით გავმართოთ ექსპერტული მსჯელობა. მათ შორის, გამოვხატავთ მზადყოფნას, აღნიშნული დისკუსია იყოს საზოგადოებისთვის საჯარო“, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გუშინ, 4 მაისს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ომბუდსმენის განცხადებით, სამინისტრომ „ხელოვნურად არ უნდა გააჭიანუროს დრო“, რადგან პაციენტის მდგომარეობა „მიჩნეულია მნიშვნელოვნად გაუარესებულად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა გადამწყვეტია.“
შეთავაზებას უკვე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, რომელმაც „იმედი LIVE-ში“ განაცხადა, რომ სამინისტრო ომბუდსმენს „გონივრულ ვადაში გასცემს პასუხს“.
„სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ მიმართვაში საუბარია იმაზე, რომ ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას შეხვედრაზე. ბუნებრივია, ჩვენ გონივრულ ვადაში ვუპასუხებთ. იმიტომ რომ, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ გვინდოდა წერილობით პასუხები მიგვეღო, მაგრამ მათ შეცვალეს სცენარი, შემოგთავაზეს შეხვედრა წერილობითი პასუხების ნაცვლად. ამის შესახებ იმსჯელებს სამედიცინო დეპარტამენტი და ძალიან გონივრულ ვადებში დავუბრუნებთ [პასუხს]“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ამავე განცხადებაში იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის შეკითხვის საპასუხოდ სახალხო დამცველმა დააზუსტა, რომ სააკაშვილს გაცემული აქვს თანხმობა, გასაჯაროვდეს მისი პერსონალური მონაცემები.