ველოდებით ომბუდსმენის პასუხს, მხოლოდ შემდეგ იქნება საუბარი ღონისძიებებზე - ბრეგაძე სააკაშვილზე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს „გარკვეული კითხვები“ აქვს და მას შემდეგ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიღებს არგუმენტირებულ პასუხებს, იქნება საუბარი საჭირო ღონისძიებებზე.

„30 აპრილს მიმართა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველს და აღვნიშნეთ, რომ პენიტენციურ სამსახურს და მის სამედიცინო დეპარტამენტს აქვთ გარკვეული კითხვები დასკვნასთან დაკავშირებით და მოხდეს გარკვეული დეტალების დაზუსტება, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან გასაუბრება. ამ დასკვნაში არსებობს გარკვეული მომენტები და სხვათა შორის, ეს დანართი არ არის საჯარო სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით. ჩვენ მივმართეთ რამდენიმე კითხვით სახალხო დამცველის აპარატს, რაზეც გვინდა პოზიციების დაზუსტება. ველოდებით პასუხს.

მას შემდეგ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიღებს არგუმენტირებულ პასუხებს, გაანალიზებს, მათ შორის თუ საჭირო იქნება, რომ ჩატარდეს დამატებითი გასაუბრება ჯგუფის წევრებთან, მხოლოდ შემდეგ იქნება საუბარი იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარება შესაძლოა, იყოს საჭირო. რაც შეეხება ნდობის, თუ არნდობის საკითხებს, ეს არის სამედიცინო სფერო. მე არ ვარ პროფესიით ექიმი, არც ექიმის საქმიანობის ლიცენზია მაქვს და ბუნებრივია, ამ საკითხებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა არსებობს გარკვეული მომენტები, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის მიერ ტელევიზიის ეთერში გაჟღერებული სამედიცინო მონაცემი განსხვავდება ანალიზის პასუხისგან, რასთან დაკავშირებითაც ასევე შეკითხვა აქვთ ომბუდსმენთან. იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ასევე აინტერესებთ, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე ჰქონდა თუ არა ექიმს სააკაშვილის ნებართვა.

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს რომ სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილს არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

„საუბარი იყოს იმის შესახებაც, თითქოს მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა კვების გარეშე დატოვა, რაც ასევე არის ტყუილი. აუცილებელია, აქვე ხაზგასმით ითქვას, რომ იგი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ციხის მაღაზიაში არსებული ფართო ასორტიმენტიდან ნებისმიერი კვების პროდუქტი და ბუნებრივია, მას აქვს უფლება, მიიღოს ამანათები და ამას რეგულარული ხასიათით იღებს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ის რჩება მშიერი, არის ტყუილი და მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილს დაახლოებით 800-მდე ვიზიტორი ჰყავდა. ასევე მას აქვს სუფთა ჰაერზე სეირნობის უფლება, რასაც არ იყენებს.

„სხვათა შორის, ექიმებიც აღნიშნავენ იმას, რომ მას მიეწოდება ყველა მედიკამენტი, რასაც სჭირდება, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი შერჩევით არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს, თუმცა მას მიწოდებული აქვს. მისთვის სრულად ხელმისაწვდომია იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც იგი საჭიროებს და სწორედ ამიტომ, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანგაჟირებულ სუბიექტებს მოვუწოდეთ მიზანმიმართული, დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტისკენ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა საქალაქო სასამართლის მოსამართლეების გადაწყვეტილებას, წერილით მიმართონ პენიტენციურ სამსახურს და დაავალონ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის სასამართლოსთვის მიწოდება.

ბრეგაძის თქმით, პენიტენციური სამსახური პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და მას ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება.