ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად კომიტეტმა ჯანეზაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

პუბლიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარეს.

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის მქონე ერთ-ერთ  კანდიდატს, ნაზი ჯანეზაშვილს, იმ მიზეზით რომ ის პარლამენტში გასაუბრებაზე არ მივიდა.

კენჭისყრამდე კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ფრაქციის გადაწყვეტილებაა, მხარი დაუჭირონ ყველა იმ კანდიდატს, ვინც პროცესში მიიღო მონაწილეობა და კომიტეტმა განიხილა მათი კანდიდატურები.

„პროცესს ხელი რომ არ შეეშალოს, გადავწყვიტეთ, ყველა კანდიდატს, ვინც კომიტეტმა განიხილა და ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში, მხარი დავუჭიროთ და საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას დავუტოვოთ”, – გაიმეორა მან კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა შემდეგ კანდიდატებს:

  1. ანა აბაშიძე

  2. მარიკა არევაძე

  3. გიორგი ბურჯანაძე

  4. ლელა გაფრინდაშვილი

  5. სოფიო დემეტრაშვილი

  6. თინათინ ერქვანია

  7. ევგენია თავაძე

  8. ალექსანდრე კობაიძე

  9. ლევან კოკორაშვილი

  10. ნუგზარ კოხრეიძე

  11. გიორგი მარიამიძე

  12. სერგო მახარაძე

  13. მაკა მინდიაშვილი

  14. ქეთევან ჩაჩავა

  15. იაგო ხვიჩია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა 4 კანდიდატს, მათ შორის სამ კანდიდატს – ჯემალ ნათელაშვილს, ნიკოლოზ ნიკოლაძეს და გიორგი ცობეხიას იმ მიზეზით, რომ მათ მოხსნეს კანდიდატურა, ხოლო „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელს, ნაზი ჯანეზაშვილს იმ მიზეზით, რომ  უარი თქვა გასაუბრებაზე მისულიყო.

თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარდგენილ ცხრამეტივე კანდიდატს.