ომბუდსმენმა ფეხბურთელი ქალების მიმართ სქესის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა - WISG

პუბლიკა

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა ფეხბურთელი ქალების მიმართ სქესის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და ფეხბურთის ფედერაციას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა.

სახალხო დამცველი საფეხბურთო კლუბებში ქალთა მიმართ სისტემური დისკრიმინაციის შემთხვევებს, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, გასულ წელს განიხილავდა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათ სახალხო დამცველის წინაშე რამდენიმე პრობლემური საკითხი დააყენეს, მათ შორის ის, რომ ფეხბურთით დაკავებული კაცებისგან განსხვავებით, ქალები ვერ სარგებლობენ ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით, არ აქვთ თანაბარი წვდომა რესურსებზე, შედეგად, უზიანდებათ ჯანმრთელობა და მცირდება მათი ცხოვრების ხარისხი; ასევე, ქალების სპეციალური საჭიროებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ) არსებულ რეგულაციებში არ არის გათვალისწინებული.

საქმის განხილვის პერიოდში, WISG-ის ინფორმაციით, სახალხო დამცველს ასევე მიაწოდეს ქალ ფეხბურთელებს შორის გამოკითხვის შედეგებიც, რომელიც არაერთ სხვა პრობლემას აჩვენებს. გასულ წელს გამოკითხულთა ნახევარზე მეტს ჯანმრთელობის შემოწმების პროცედურები არ უტარდებოდათ; უმრავლესობა (82.8%) ვერ სარგებლობდა ჯანმრთელობის დაზღვევით.

WISG-ის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატმა, საქმის შესწავლის ეტაპზე, სფფ-სგან გამოითხოვა ინფორმაცია საფეხბურთო კლუბებში ფეხბურთელებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის უზრუნველყოფის, დასაქმებული ექიმების ოდენობების, ვარჯიშის/თამაშის დროს სპორტსმენის მიერ მიღებული ტრავმების სამკურნალო პროცედურების ანაზღაურების, ფეხბურთელებისთვის ჯანმრთელობის რუტინულად შემოწმების შესახებ; ასევე, გაესაუბრა დარგის ექსპერტებს, პრაქტიკოს ექიმებს და გაეცნო ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას.

„მათი გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგულაციებში არ არის გათვალისწინებული ქალების სპეციალური საჭიროებები რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. კერძოდ:

*ლიცენზირებას დაქვემდებარებული გუნდების ექიმების სავალდებულო ტრენინგებში არ არის შეტანილი ქალი ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები;

*ქალი ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონტექსტიდან გამომდინარე, არ არის მიღებული სახელმძღვანელო დოკუმენტი (სტანდარტები) ქალი ფეხბურთელების ორსულობისა და ორსულობის შემდგომი პერიოდისთვის ფიზიკური დატვირთვის თაობაზე;

*არასათანადოდაა უზრუნველყოფილი ქალი ფეხბურთელების, როგორც დასაქმებულების, დედობის დაცვის უფლებაც.

აქედან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 21 დეკემბერს N13- 2/12161 რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ არ არსებობს სათანადო რეგულაციები, რომლებიც ქალი ფეხბურთელების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვისკენ ან დედობის უფლების რეალიზებისკენ იქნება მიმართული.

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ჯანდაცვის უფლებების კავშირსა და გავლენაზე ქალების შრომით უფლებებთან და აღნიშნავს, რომ ქალი ფეხბურთელებისა და კაცი ფეხბურთელების არსებითი უთანასწორობის (რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და დედობის უფლებით სარგებლობის კრიტერიუმით) არასათანადოდ გათვალისწინებას აჩვენებს ერთი მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არასაკმარისი რეგულაციების დაწესება და მეორე მხრივ, სადაზღვევო ბაზრის ანალიზი.

WISG-ის ცნობით, მიმდინარე წლის 13 იანვარს, სფფ-მ სახალხო დამცველს წერილით უპასუხა, რომელშიც ფედერაცია აღნიშნავს, რომ მზადაა ლიცენზირებას დაქვემდებარებული გუნდების ექიმებისთვის დაგეგმილ ტრენინგებში გაითვალისწინოს ქალი ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ისინი აგრძელებენ ფეხბურთელი და ზოგადად სპორტსმენი ქალების მხარდაჭერას მათი ჯანმრთელობისა და შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით და მოუწოდებს ყველა სპორტსმენ ქალს მიმართოს კონსულტაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის.

ფეხბურთელი ქალების საქმესა და ომბუდსმენის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ვრცლად გაეცანით ბმულზე.