ომბუდსმენმა „ტროტუარის საქმეებზე“ სააპელაციოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა

პუბლიკა

სახალხო დამცველმა ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნის გამო მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის საქმეებზე სააპელაციო სასამართლოს სასამართლო მეგობრის ზოგადი მოსაზრებით მიმართა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნის გამო შეკრების მონაწილეთა სამართალდამრღვევად ცნობის საქმეებზე შესაბამისი პრაქტიკის ჩამოყალიბება საერთო სასამართლოების მიერ ამჟამად მიღებული გადაწყვეტილებით ხდება, სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმ რელევანტური უფლებრივი სტანდარტების შესახებ, რაც მას დასახელებული საკითხის სათანადოდ გადაწყვეტაში დაეხმარება.

მათ შორის, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი შეკრება, მისი ძირითადი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, იწვევდეს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ შეფერხებას, თუმცა მსგავსი შეფერხება ხელისუფლებამ უნდა დაუშვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამით მომეტებულად ზიანდება შემხვედრი ინტერესი. ამასთან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტების მიდგომებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განვითარებული პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში შეჯამებულია ინდივიდუალური გარემოებები, რომლებიც სახალხო დამცველის მოსაზრებით მნიშვნელოვანია საერთო სასამართლოებმა მხედველობაში მიიღონ ასეთი საქმეების განხილვისას“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები ომბუდსმენი 2025 წლის 17 დეკემბერს განცხადებით გამოეხმაურა, ასევე კანონი გააკრიტიკა საპარლამენტო ანგარიშშიც.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეკრების უფლებაში ჩარევისას უნდა იხელმძღვანელოს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი მოთხოვნებით.

„მნიშვნელოვანია, სამინისტრომ არ შეზღუდოს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები მაშინ, როდესაც ქვეითთათვის შექმნილი დისკომფორტი, გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტების, შეკრების მონაწილეთა რაოდენობის და შეკრების ფორმის გათვალისწინებით, არ აღწევს სერიოზულობის საკმარისად ხარისხს“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

„ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებით, ტროტუარზე პროტესტი – ოფიციალურად, ტროტუარზე პროტესტის დროს ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნა სამართალდარღვევა გახდა და 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.