ომბუდსმენმა თსუ-ს განსხვავებული მოსაზრების ნიშნით ლექტორების დისკრიმინაცია დაუდგინა

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ ორი რეკომენდაციით მიმართა.

ომბუდსმენის განცხადებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებლები, მოწვეული ლექტორის სტატუსით, წლების განმავლობაში კითხულობდნენ ლექციებს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. ისინი ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის შესახებ საჯაროდ გამოხატავდნენ კრიტიკულ მოსაზრებებს, რის გამოც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა მათ პროფესორად მოწვევაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის დასადასტურებლად განმცხადებლებმა ელექტრონული მიმოწერა წარმოადგინეს.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზებამ ცხადყო, რომ განმცხადებლების უფლებაში ჩარევის საფუძველს რეალურად წარმოადგენდა მათ მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები, რაც მიუღებელი აღმოჩნდა დამსაქმებლისთვის. მოპასუხემ კი ვერ წარმოადგინა სათანადო და დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც სახალხო დამცველს განმცხადებლების მიმართ  დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს გაუქარწყლებდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 2020-2021 წლებსა და შემდგომ სასწავლო სემესტრებში განიხილოს განმცხადებლებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების საკითხი; ასევე შეიმუშაოს შიდა სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც დაარეგულირებს ლექტორად მოწვევის საკითხს იმგვარად, რომ ნათელი და განჭვრეტადი იყოს კანდიდატებისათვის ის კრიტერიუმები, რომლებიც შეიძლება, დასაქმებაზე უარის საფუძველი იყოს; უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.

იხილეთ რეკომენდაციების ელექტრონული ვერსიები:
https://bit.ly/2Tvqywd
https://bit.ly/2VPPZKw

LB loan image desktop LB loan image mobile