ომბუდსმენობაზე იოსელიანის კანდიდატურა კენჭისყრაზე განხილვის გარეშე გავა - სარჯველაძე

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ომბუდსმენობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად პარტია „მოქალაქეების” წარადგინა.

იოსელიანმა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას თავის პოლიტიკურ კარიერასა და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე ისაუბრა:

„გამოითქვა სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი. ეს არის აბსოლუტურად მცდარი შეხედულება, ეს არის შეხედულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის შინაარსთან და ლოგიკასთან. საქართველო არის საპარლამენტო ომბუდსმენის ქვეყანა, რაც გულისხმობს იმას, რომ პარლამენტი პოლიტიკოსების მეშვეობით ირჩევს სახალხო დამცველს და ალბათობა იმისა, რომ პოლიტიკოსი იყოს არჩეული სახალხო დამცველად გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა, ვინც შეიძლება იყოს ამ თანამდებობაზე წარდგენილი. ის, რომ დღემდე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იკავებდნენ ამ თანამდებობას, ამას, რა თქმა უნდა, მივესალმები, ეს იყო კარგი, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები უფრო იყო მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც შეთანხმების საგანი იყო და პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობდა პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.

ჩვენ გვაქვს კანონი სახალხო დამცველის შესახებ, სადაც ნათლად წერია, რომ სახალხო დამცველმა უნდა დატოვოს ყველა პოლიტიკური თანამდებობა, უნდა დატოვოს პოლიტიკა, პარტია, თუ ის არჩეული იქნება სახალხო დამცველად, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს ამის, რომ არჩევამდე სახალხო დამცველი შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, ეს ჩანაწერი გულისხმობს სწორედ ამას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, საკითხი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე გავა და მას პარლამენტი პირდაპირ უყრის კენჭს.

„ალბათ, ვითარების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იქნეს წარდგენილი კენჭისყრისთვის. არ მგონია, რომ რაიმე დამატებითი საჭიროება არსებობდეს პლენარულ სხდომაზე გასაუბრების. შესაბამისად, ჩვენი შემოთავაზება ასეთი იქნება, რასაც კენჭს ვუყრით, რომ ამით ამ საკითხის განხილვა დასრულებულია, წარმატებას გისურვებთ ყველას სახელით, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ეს იმის გათვალისწინებით, რომ მე-12 პუნქტი გახლავთ ეს”, – განაცხადა სარჯველაძემ.