ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტმა რუსეთის ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს წევრობა გაუუქმა

პუბლიკა

ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) მმართველმა საბჭომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს პროფესიული ეთიკის და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევის მიზეზით ორგანიზაციის წევრობა გაუუქმა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო კომისრის განცხადებები უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში უკანონო შეჭრის შემდეგ, მათ შორის განცხადებები, რომლებიც ამართლებდნენ უკანონო შეჭრას.

„საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც 1978 წელს დაარსდა, ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტ დამოუკიდებელ ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მმართველთა საბჭო კი მსოფლიოს 6 რეგიონიდან არჩეული 24 წევრისგან შედგება.

საქართველოს სახალხო დამცველი 2019 წლიდან არის IOI-ს ევროპის რეგიონის დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2021 წლიდან IOI-ს საერთაშორისო მმართველი საბჭოს წევრი.“

აქვე ნათქვამია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა, როგორც IOI-ს მსოფლიო საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას.