ომი ვერასდროს გადაჭრის კონფლიქტს - ყარაბაღში დაპირისპირების წინააღმდეგ პეტიცია ვრცელდება

პუბლიკა

მთიან ყარაბაღში დაწყებული დაპირისპირების შეჩერების მოთხოვნით, „კავკასიური საუბრების“ პლატფორმაზე პეტიცია ვრცელდება.

„მშვიდობის განაცხადი“ – პეტიციას სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და სხვა ქვეყნების მოქალაქეები აწერენ ხელს. „პუბლიკა“ პეტიციის ტექსტს სრულად გთავაზოთ:

„ახლა, როცა თქვენ ამ გზავნილს კითხულობთ, მთიან ყარაბაღში ხალხი იღუპება. ახალგაზრდა ბიჭები და კაცები ერთმანეთს ხოცავენ, ისე, რომ გამოსავალიც არ ჩანს.

ამ ომის მთავარი მსხვერპლი არა ობიექტური სიმართლე, არამედ რეალური ადამიანების, ხალხის, ბავშვების დანგრეული ცხოვრებაა.

ის მთელი სამხრეთ კავკასიისთვის წაგებულ ბრძოლად იქცევა და თუ ახლა არ ახდენს თქვენზე ზეგავლენას, ომი ან მისი შედეგები ხვალ მაინც მოგწვდებათ.

ომი ვერასდროს გადაჭრის კონფლიქტს. პირიქით, ის უფრო ბნელ, დაპირისპირებისა და გადაუჭრელი პრობლემების მანკიერ წრეში გვითრევს.

მშვიდობის დაცვა ნეიტრალურ დამოკიდებულებას არ ნიშნავს. ჩვენ უარვყოფთ ომისგან გამოწვეულ მილიტარისტულ პოზიციებს, ამის მაგივრად მივისწრაფვით მშვიდობის მშენებლობისკენ.

ეს ომი მხოლოდ გააცოცხლებს წარსულის იარებსა და ტრაგედიებს. მას არავითარი კავშირი არ აქვს ამ ჭრილობების მოსაშუშებლად, მხოლოდ და მხოლოდ გააჩენს ახლებს.

ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებულები. მოაქვს უბედურება, სიკვდილი, სიღარიბე და მთლიანი კავკასიის რეგიონის დამოუკიდებლობის დაკარგვა.

ჩვენ მოვუწოდებთ გარე ძალებს, ნუ წააქეზებენ დაპირისპირებას, ნუ მიიღებენ ომის გაღვივებაში მონაწილეობას.

ჩვენ მოვითხოვთ ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტას და ინკლუზიურ მოლაპარაკებებს, რომელშიც სომხები და აზერბაიჯანელები ჩაერთვებიან“, – ნათქვამია პეტიციაში.


მთიან ყარაბაღში კონფლიქტი მე-10 დღეა მიმდინარეობს. კონფლიქტში ჩართულია არტილერია და მძიმე ტექნიკა. აზერბაიჯანი აქტიურად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, სომხეთმა კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტაქტიკური დანიშნულების სისტემებიდანაც მიიტანა სარეკეტო იერიში. ჯერჯერობით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება არ გამართულა.

აზერბაიჯანულ და მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პოზიციებს შორის ორმხრივი სროლა პირველად 27 სექტემბერს დილით დაიწყო. დაპირისპირების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

ამ დრომდე დაუდგენელია მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მათ მხარეს 230-მდე სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანში თავიანთი სამხედროების მსხვერპლზე ინფორმაციას არ ავრცელებენ. სომხეთისა და ყარაბაღის ოფიციალური პირები კი ამტკიცებენ, რომ სამხედრო მოქმედებებისას რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ერევნის ცნობით, კონფლიქტის განახლების შემდეგ სომხეთსა და ყარაბაღის რეგიონში დაიღუპა 19 სამოქალაქო პირი. ხოლო ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანული დასახლებების დაბომბვას გასული კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის 27 მოქალაქე შეეწირა.