„ომიკრონზე“ ვაქცინა არ მუშაობს, მე ვარ მაგალითი - ღარიბაშვილი

პუბლიკა

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. მწვანე პასპორტების გაუქმებაზე „უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული სპეკულირებაა“ დაწყებული.

მისი მტკიცებით, გაუქმების გადაწყვეტილების მიღებამდე შეისწავლეს ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა. მისი თქმით, ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, აღარ ჩაითვალა საჭიროდ „მწვანე პასპორტების“ ფუნქციონირება.

„მინდა, კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ესეც გახდა გარკვეული სპეკულირების საგანი და საფუძველი. დაიწყეს უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება, რატომ გავაუქმეთ ე.წ. მწვანე პასპორტები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება და მუშაობა.

და რატომ? ძალიან მარტივია. აზრი დაკარგა აღნიშნული მწვანე ბარათების გამოყენებამ, იმიტომ, რომ იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ვაქცინაციის წახალისება და მოგეხსენებათ, რომ დელტა და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ ომიკრონის შემთხვევაში, ძალიან ბევრი შემთხვევა კი არა ალბათ უმეტესი შემთხვევაა, რომ ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება ომიკრონი. მე ვარ აგერ მაგალითი. მქონდა სხვა შტამი გასულ წელს. ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით მაგრამ დამემართა ომიკრონი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აბსოლუტურ შემთხვევებში აღიშნული ვირუსი. იმაზე უფრო მსუბუქად, ვიდრე მქონია სხვა ვირუსი და 4-ჯერ და 5-ჯერ უფრო რთულად გადამიტანია. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, მწვანე ბარათის გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ ამის გაუქმება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„დაავადებათა კონტროლის ერვონული ცენტრის“ მოწოდებით, აცრა იცავს დაავადებას გართულებისგან, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს ამცირებს, აზღვევს რეანიმაციისგან და იცავს, რომ არ დადგეს ლეტალური შედეგი.

არავაქცინირებული პირები მნიშვნელოვნად მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

NCDC-ის ცნობით:

  • დადასტურებულ შემთხვევათა 88.7 % არ იყო ვაქცინირებული;
  • ჰოსპიტალიზირებულთა 93.6% არ იყო ვაქცინირებული;
  • კრიტიკული მოვლის საჭიროების მქონეთა 96% არ იყო ვაქცინირებული;
  • გარდაცვლილთა 96.2% არ იყო ვაქცინირებული;