რატომ გაუქმდა „მწვანე პასპორტის“ ვალდებულება - გაბუნიას განმარტება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, „მწვანე პასპორტის“ გაუქმება დაკავშირებულია „ომიკრონის“ შტამის თავისებურებებთან. გაბუნია განმარტავს, რომ მაღალი რეინფიცირების რისკის პირობებში, „მწვანე პასპორტს“ აღარ ექნება ისეთი მნიშვნელობა, როგორც ადრე, ამიტომ მთავრობა მის სავალდებულოდ მოთხოვნას გააუქმებს.

„მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი გარკვეულწილად „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გამო შესუსტდა.

აქ რა მაქვს მხედველობაში: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინფექციის გადატანის სტატუსზე, რეინფიცირება მაღალია „ომიკრონის“ პირობებში. ამდენად, ეს არ იცავს და არ არის გარანტია იმისა, რომ პირი იქნება უსაფრთხო, როცა ის შევა რომელიმე იმ ბიზნესგარემოში, რაც „მწვანე პასპორტთან“ მიმართებით გამოვიყენეთ.

ასევეა, ვაქცინაციის შემთხვევაშიც. ვაქცინაციაც ვიცით, გარკვეულწილად, არის დაცვა, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან. დაცვა არის უფრო მეტად ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისგან. „ომიკრონის“ შემთხვევაში ესეც არ არის მნიშვნელოვანი.

ამდენად, ყველაზე ძლიერი ფაქტორი აქ გამოდის ყოველდღიურად PCR-ტესტირება, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამდენად, რეალურად რომ ვთქვათ, რომ პირი არის ეპიდემიურად უსაფრთხო, ეს არის ახლად ჩატარებული ტესტი (ეს შეიძლება იყოს PCR-ტესტი და რაღაც შემთხვევებში ანტიგენ ტესტიც).

ამ ტექნიკური ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩაითვალა, რომ „მწვანე პასპორტის“ სავალდებულო მოთხოვნა მოიხსნას“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებული მოთხოვნები „ომიკრონის“ შტამის გამოჩენის შემდეგ უკვე შეცვალა ბევრმა ქვეყანამ და საქართველოშიც ეპიდემიური სიტუაციის განვითარების შესაბამისად მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

„ბევრმა ქვეყანამ შეცვალა „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნები. იგულისხმება ის, რომ ბევრმა სავალდებულოდ დაამატა ბუსტერ დოზა, PCR-ტესტზე გააკეთა მეტი აქცენტი და ა.შ.

თუმცა, იმ ფორმით, რომლითაც ჩვენ გვაქვს „მწვანე პასპორტი“ და ეს არის სამი ძირითადი კრიტერიუმი, რეინფიცირების მაღალი რისკის პირობებში, რა თქმა უნდა, ის არ ქმნის დღეს სრულ გარანტიას“, – თქვა გაბუნიამ.

რაც შეეხება ვაქცინაციის წახალისებას, რომელიც „მწვანე პასპორტის“ ერთ-ერთი წინაპირობა იყო, გაბუნიამ თქვა, რომ ამ შემთხვევაშიც „მწვანე პასპორტს“ თავდაპირველად ჰქონდა შედეგი, მაგრამ ნელ-ნელა მნიშვნელობა ამ მხრივაც დაკარგა. ამიტომ, მისი მოქმედების საჭიროება აღარ ჩანდა.

თუმცა, მომავალში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ცვლილების გათვალისწინებით გაბუნია არ გამორიცხავს, რომ „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება კიდევ შეიცვალოს.