ომიდან 14 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის მოსახლეობა - სახალხო დამცველი

პუბლიკა

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 14 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა“, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აპარატის განცხადებით, მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც, რომელთაც კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა. მათი თქიმთ, 1990 წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, საქართველოში 289 925 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული.

სახალხო დამცველის განცხადებით, უფრო და უფრო მძიმდება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა.

მათი თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენითა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები.

„ოფიციალური მონაცემებით, 2009 წლიდან 2021 წლამდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის 3 285 ადამიანი დააკავა. მათგან, 1 325 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 960 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით.

მოქალაქეთა უკანონო დაკავებებთან ერთად, ხშირია ოკუპირებული ტერიტორიების დროებით დაკავების იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში პატიმართა ცემის, არასათანადო მოპყრობის და წამების ფაქტები; მაგალითად, როგორიცაა გენადი ბესტაევის, ანრი ატეიბას და ხვიჩა მღებრიშვილის შემთხვევები“, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარებაა მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც.

ოკუპირებული გალის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება , მათ შორის, მე-11 კლასშიც და მშობლიური ენა უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა.

„რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, 2021-2022 სასწავლო წელს, მოსწავლეების არ არსებობის გამო, 1 ქართული სკოლა დაიხურა. მოქმედი 6 ქართული სკოლიდან, 5-ში ქართულ ენაზე მხოლოდ 9-11 კლასებში ისწავლება. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული ბარიერების გამო, წლიდან წლამდე მცირდება მოსწავლეების რაოდენობა ორივე ოკუპირებულ რეგიონში“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და ჩართულობით გააძლიეროს ზეწოლა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, ქრისტინე თაკალანძის დროულად გასათავისუფლებლად.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, საერთაშორისო სტანდარტებით, დე ფაქტო ხელისუფლებებთან ერთად, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.