„ომიკრონზე“ სამკურნალოდ 4 ეფექტიანი მედიკამენტი არსებობს, აქედან ჩვენ ჯერ მხოლოდ ერთი გვაქვს - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ის შეხვედრაზე წარმოადგენდა კლინიკურ ჯგუფს და ისაუბრა იმაზე, კორონავირუსის ახალ შტამს ქვეყანა რა მედიკამენტებით გაუმკლავდება.

მისი თქმით, „ომიკრონი“ ძალიან სერიოზული გამოწვევაა და სწორედ ამ გამოწვევაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ სპეციალისტები და ექსპერტები.

„მკურნალობას რაც შეეხება, ერთი კვირის წინ დაახლოებით, ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა, რომელიც არის მთავარი მსოფლიოში და მის რეკომენდაციებს ასრულებს ყველა, დადო ოფიციალური რეკომენდაციის სახით 4 ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტი „ომიკრონისთვის“,  ეს არის – პაცლოვიდი, ფაიზერის ახალი ტაბლეტირებული მედიკამენტი, რომელსაც მთელი მსოფლიო იმედით ელის, რომ დაამთავრებს პანდემიას. ეს უკვე ნებადართულია, მაგრამ ჯერ არცერთ ქვეყანაში არ გაყიდულა. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამას მიიღებს. გპირდეით, მაგრამ ეს ჯერ არ არის ცნობილი, რამდენ ხანში.

მეორე ადგილზე დგას რემდესივირი – კარგად ცნობილი ანტივირუსული მედიკამენტი, რომლის გამოყენებაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საქართველომ და ძალიან ფართოდ იყენებს და ძალიან ეფექტიანად. აღმოჩნდა, რომ „ომიკრონზეც“ ეფექტიანია. ეს მედიკამენტი ჩვენ გვაქვს საკმარისი რაოდენობის.  ამ შეხვედრაზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად ყველა კლინიკაში დაინერგოს რემდესივირით მკურნალობა.

მესამე მედიკამენტი – სოტროვიმაბი, ახალი მონოკლონული მედიკამენტი. ჩვენ ეს არ გვაქვს და, სავარაუდოდ, არ გვექნება რადგან დეფიციტურია და თან დრო დასჭირდება მის შემოტანას, მაგრამ ეს არ არის საჭირო. ის მესამე ადგილზეა მხოლოდ.

და მეოთხე ადგილზეა – მონოპირავინი, კიდევ ერთი ტაბლეტირებული რევოლუციური პრეპარატი, რომელიც პაქსლოვიდთან ერთად ჯერ არ არის გაყიდვაში. მათი დიდი უპირატესობა ის არის, რომ როგორც კი დაისმება დიაგნოზი, ვისაც ექნება დამძიმების რისკი, მას მისცემენ და დიდი ალბათობით აცილებული იქნება სიკვდილობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, გატარდება სხვა ღონისძიებებიც და მობილიზებულია სამედიცინო სექტორიც საიმისოდ, რომ ქვეყანა  მინიმალური დანაკარგით გაუმკლავდეს ახალ ტალღას.

LB loan image desktop LB loan image mobile