ონკოპაციენტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს.
საკანონმდებლო ორგანოში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს „მინისტრის საათის” ფორმატში უნდა მოუსმინონ.
„სიცოცხლისთვის ბრძოლის დრო არის ახლა”, „ჩვენ ერთად ვიბრძვით სიცოცხლისთვის” – ამ ბანერებით მიაკითხეს დღეს ონკოპაციენტებმა მინისტრს. ასევე, ბანერებზე ჰქონდათ წარწერა – „არა რუსულ კანონს”.
ონკოპაციენტები ამბობენ, რომ ისევ პრობლემად რჩება ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსების საკითხი, ისევ იგვიანებს დაფინანსება, პრობლემაა მედიკამენტების შეძენა, მათი თქმით, ბევრი საჭირო წამალი აფთიაქებში არ იყიდება და ისევ არის დეფიციტი.
ონკოპაციენტების თქმით, ჯანდაცვის სექტორში არსებული ხარვეზების გამო პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებათ.
„მოუვიდა ჩემს დას დაფინანსება ერთ-ერთ წამალზე, მაგრამ არ არის ბაზარზე, ვერ ყიდულობს, ვერ აგრძელებს მკურნალობას”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
„ჯერჯერობით არაფერი არ გამოსწორებულა. ისევ იგვიანებს დაფინანსება ონკოპაციენტებისთვის. ისევ სჭირდებათ პროტეჟე ონკოპაციენტებს თუ საპატრიარქოდან, თუ სამთავრობო უწყებებიდან, რომ დარეკონ და მხოლოდ ამის შემდეგ უფინანსებენ. ყველა პაციენტი მწერს, რომ სანამ მდგომარეობიდან არ გამოიყვანენ, მანამდე კოდი არ მოსდით დაფინანსების. წამლები არ არის აფთიაქებში, ანუ დეფიციტია და კოდს აზრი არ აქვს. ჩემი მეგობრების სიცოცხლეს დღეს საფრთხე ემუქრება, იმიტომ, რომ ჯანდაცვაში არის ხარვეზები და ყოველდღე მწერენ ადამიანები, რომ მათი სიცოცხლე საფრთხეშია”, – ამბობს აქციის მონაწილე.