სახელმწიფო ინსპექტორი ონლაინგაკვეთილების ფოტო/ვიდეოს გამოქვეყნებისას სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ

მინდია გაბაძე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, მშობლებსა და ოჯახის წევრებს მოუწოდებს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ დისტანციური გაკვეთილების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გამოქვეყნებისას, სადაც არასრულწლოვნების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

„არასრულწლოვნის მონაცემების ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროებამ შესაძლოა არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე (გახდეს ბულინგის ან სხვა სახის არასასურველი მოპყრობის ობიექტი).

შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, ასევე, არასრულწლოვანი პირების მშობლები და ოჯახის წევრები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას და იმოქმედონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.