ონლაინკაზინოებს გადასახადებს გავუზრდით და ავკრძალავთ რეკლამას | ღარიბაშვილი

პუბლიკა

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ონლაინკაზინოების რეგულირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა გეგმავს საკანონმდებლო წინადადება შეიტანოს პარლამენტში, რომელიც ონლაინკაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას გულისხმობს. მისივე თქმით, აიკრძალება რეკლამა და გაიზრდება ბარიერი 25 წლამდე.

„სათამაშო ბიზნესი და ონლაინკაზინოები ძალიან ადარდებს მოსახლეობას – მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინკაზინოების მეშვეობით. ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები, ყოველდღე თამაშობენ კაზინოებში და აგებენ ფულს.

მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან და პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ წარმოვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოების მფლობელებისთვის. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინკაზინოები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.