ონლაინმედიის წარმომადგენლები პაპუაშვილის წინააღმდეგ ომბუდსმენს მიმართავენ

პუბლიკა

ონლაინმედიის წარმომადგენლები დისკრიმინაციის დასადგენად სახალხო დამცველს მიმართავენ. საუბარია შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, რუსული კანონის განხილვების პარალელურად, ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება შეუზღუდეს.

ონლაინმედიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება არის უკანონო და მედიის თავისუფლების შემზღუდავი.

პაპუაშვილმა აკრედიტებულ ჟურნალისტებს შესვლა ორშაბათს, კომიტეტის სხდომის დროს შეუზღუდა. ოფიციალურ მიზეზად პარლამენტი „უსაფრთხოების ზომებს” ასახელებს.

როგორ გაგრძელდება რუსული კანონის განხილვა

კანონპროექტს, რომელსაც საზოგადოებამ რუსულ კანონი უწოდა, დღევანდელ 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

კანონპროექტმა კანონად ქცევამდე წამყვან კომიტეტში სამი მოსმენა და პლენარულ სხდომაზე სამი მოსმენა უნდა გაიაროს.

პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ ჩაითვლება, რომ პარლამენტმა კანონი მიიღო.

ამის შემდეგ კანონი ხელმოსაწერად გადაეგზავნება პრეზიდენტს. კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შედის.

თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს, მისი მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დაბრუნდება.

ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, კანონპროექტს ხელახლა ეყრება კენჭი. მხარდაჭერილი კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გადაეგზავნება.

თუ პრეზიდენტი მას არ მოაწერს ხელს, კანონი ძალაში შესულად პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის და მისი გამოქვეყნების შემდეგ, ამ კანონით გათვალისწინებულ ვადებში ჩაითვლება.