„ოპერატორი გადმოვარდნის შემდეგ გონზეა და გადაადგილდება“ | „ოცნება“ ვიდეოს ავრცელებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და წარმოადგინა ვიდეომასალა, რომელიც, მისი მტკიცებით, „მთავარი არხის“ ოპერატორის სავარაუდო გარდმოვარდნის შემდეგაა გადაღებული.

მდინარაძის ნაჩვენები კადრები, მისი თქმით, ქარელში „ოცნების“ ოფისის მიმდებარე სათვალთვალო კამერებიდანაა ამოღებული და ასახავს, როგორ გადაადგილდება ინციდენტის შემდეგ ლევან აბლოთია.

მდინარაძე აცხადებს, რომ რახან მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ კადრებში ლევან აბლოთიად იდენტიფიცირებული პირი სიარულს ახერხებს, ესე იგი „მთავარი არხის“ ინფორმაცია ოპერატორის გადმოგდებისა და დაშავების შესახებ სიცრუეა.

„ორი დღის წინ შალვა პაპუაშვილმა ჩაატარა ბრიფინგი, სადაც ის საუბრობდა „ნაციონალური მოძრაობის“, ე.წ. მედიასაშუალებების მიერ დეზინფორმაციის, ზიზღის ენის გავრცელებასა და მანიპულაციაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიასა და მისი ტელევიზიის მიერ მოწყობილი შოუ მთლიანად შეიცავდა დეზინფორმაციას, ზიზღის ენას, მანიპულაციას. იყო მთელი ბუკეტი იმისა, რაზეც ორი დღის წინ ვისაუბრეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, „მთავარი არხის“ კამერა იღებდა იმ მომენტს, როდესაც ოპერატორი „წამოედო მოაჯირს“, თუმცა ტელეკომპანია აცხადებს, რომ ტექნიკა დაზიანდა და მასალა არ არსებობს. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ არხი ამ კადრებს საზოგადოების მოტყუების მიზნით მალავს.

ამავე ბრიფინგზე მდინარაძემ „ოცნების“ აქტივისტებს მოუწოდა, არ წამოეგონ პროვოკაციებს.


„მთავარი არხის“ ოპერატორი ლევან აბლოთია საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და წუხელ ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარი გაიხსენა.

„აივანზე ვიყავით, ისინი შიგნით იყვნენ, შუქიც ჩააქრეს. შემდგომ უკვე როდესაც მე და ბექა ყორშია „სტენდაფს“ ვწერდით, ისევ გამოცვივდა 4-5 ადამიანი, ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან. ვარიდებდი თავს, როგორც ხდება. უკან-უკან მივდიოდი, მინდოდა, დისტანცია მქონოდა აგრესორ ადამიანებთან, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობასა და ხელის კვრაში წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი. უბრალოდ თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ დავიცავი ბოლომდე თავი და მოხდა ის, რაც მოხდა, გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“, – განუცხადა აბლოთიამ მედიას.

ლევან აბლოთია „ნიუ ჰოსპიტალსში“ მრავლობითი დაზიანებით წუხელ, 15 სექტემბერს შეიყვანეს. ექიმის თქმით, აღენიშნებოდა ექსკორიაციები და ტკივილი. ჩაუტარდა სხვადასხვა გამოკვლევა. აბლოთიას თქმით, აკრძალული აქვს მოძრაობა, სანამ დაზიანებები არ მოურჩება.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოპერატორი ლევან აბლოთია ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან ერთად ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რა დროსაც ის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

საპირისპიროს ამბობენ „ქართული ოცნების“ წევრები. მათი თქმით, აბლოთია უკუსვლით მიდიოდა, რა დროსაც მოაჯირს დაეჯახა და გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქარელში, „ოცნების“ ოფისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.