მივმართავთ „ოცნებას“, არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა - კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“

პუბლიკა

„მივმართავთ „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ასევე, მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა“, –  ნათქვამია კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გავრცელებულ განცხადებაში. კოალიცია „მთავარი არხის“ ოპერატორის ლევან აბლოთიას და ჟურნალისტის ბექა ყორშიას მიმართ გამოვლენილ ძალადობას გმობს.

მათი თქმით, ქარელში მომხდარი შემთხვევა მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგია. კოალიცია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა.

კოალიცია მიიჩნევს, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ქარელში მაუწყებლის გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანება ასევე მოიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც გამოძიების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებაა.

„გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისში აბლოთიამ მენჯ-ბარძაყისა და ნეკნის მოტეხილობა მიიღო და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე, გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


ლევან აბლოთია „ნიუ ჰოსპიტალსში“ მრავლობითი დაზიანებით წუხელ, 15 სექტემბერს შეიყვანეს. ექიმის თქმით, აღენიშნებოდა ექსკორიაციები და ტკივილი. ჩაუტარდა სხვადასხვა გამოკვლევა. აბლოთიას თქმით, აკრძალული აქვს მოძრაობა, სანამ დაზიანებები არ მოურჩება.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოპერატორი ლევან აბლოთია ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან ერთად ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რა დროსაც ის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

საპირისპიროს ამბობენ „ქართული ოცნების“ წევრები. მათი თქმით, აბლოთია უკუსვლით მიდიოდა, რა დროსაც მოაჯირს დაეჯახა და გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქარელში, „ოცნების“ ოფისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.