ოპოზიცია ამბობს, რომ აეროპორტში „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა დახვდა

პუბლიკა

ოპოზიცია ამბობს, რომ გუშინ აეროპორტში „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთა დახვდა. ინფორმაციის შესახებ გუშინ დაწერა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანი წითლიძემ, ხოლო დღეს ინციდენტის ამსახველი ვიდეოები გაავრცელა პროსახელისუფლებო არხმა, POSTV-მ.

„ივანიშვილის პარტიის ახალგაზრდული ფრთა დაგვხვდა აეროპორტში მთვრალები, კაიფში. რეზოლუციას რატომ არ მოაწერეთ ხელიო? რისთვის იცლის ივანიშვილის პარტია, როდესაც ქვეყნიდან მძიმე სოციალურ ეკონომიკური პირობების გამო – ხალხი ემიგრაციაში გარბის და ჰგონიათ ეს უშველით”, – დაწერა წითლიძემ.

კადრებში ჩანს, რომ აეროპორტში იმყოფებიან გიორგი ვაშაძე, ანა წითლიძე და გიორგი ბოტკოველი. ოპოზიციის წევრებს იქ შეკრებილი ახალგაზრდები „მონებს” უწოდებენ და EURONEST-ში რეზოლუციაზე საუბრობენ.

ისინი იმეორებენ მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს, რომ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა რეზოლუციის პროექტს, რომლის ინიციირებისთვისაც 10 ხელმოწერა იყო საჭირო. იქ შეკრებილები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ოპოზიციის წევრებს და „სამშობლოს მოღალატეებს” უწოდებენ.

აეროპორტის ინციდენტზე ისაუბრა დღეს მამუკა მდინარაძემაც, რომელმაც თქვა, რომ ახალგაზრდებმა „ვერ აიტანეს ის, რომ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას” ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

„პროტესტი გაჩნდა მოქალაქეებშიც, რომლებიც აეროპორტში დახვდნენ, ახალგაზრდები, რომლებსაც მთვარეული და ნარკო-ზემოქმედების ქვეშ უწოდეს. ახალგაზრდებს ასე უბრალოდ აბრალებენ რაღაცებს, რომლებმაც ვერ აიტანეს და გააპროტესტეს ის, რომ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარს არ უჭერენ ისინი. მე არ ვიცი ამას რა უნდა დავარქვათ? ღალატი, მტრობა, დავალებების შესრულება, აგენტობა? ნებისმიერი არის მართალი. თუ ვიღაცის აგენტი არ ხარ, წარმოუდგენელია, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, თუ ვიღაცის დავალებას არ ასრულებ, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციას არ მოაწერო ხელი?!”, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრების მტკიცებით, EURONEST-ში ვერ მოხერხდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ინიციირება, რაც ქართველი ოპოზიციონერებისა და უკრაინის დელეგაციის ბრალია.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნების“ 5 დეპუტატის გარდა, იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის 4 წარმომადგენელი”.

რეზოლუციის ინიციირებისთვის საჭიროა 10 ხელმოწერა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირწმუნება, მათ ოპოზიციის წევრებს ხელმოწერა არაერთხელ სთხოვეს. თუმცა – უშედეგოდ. მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტის ინიციირებას მხარი არც უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა დაუჭირეს.

ენმ-მ მდინარაძის განცხადებას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ EURONEST-ის ბიუროზე რეზოლუციის ინიცირება ოპოზიციისგან დამოუკიდებლად ჩავარდა, „ვინაიდან EURONEST-ის ბიუროზე საქართველოს მხოლოდ მაკა ბოჭორიშვილი წარმოადგენს და არავინ ოპოზიციური პარტიებიდან”.