ოპოზიცია ამბობს, რომ მოლაპარაკების III რაუნდისთვის „ქართული ოცნების“ წინადადებას ელოდება

პუბლიკა

ოპოზიცია მოლაპარაკების III რაუნდის მოლოდინში შიდა კონსულტაციებს განაგრძობს. პარტიების ლიდერები გასულ კვირას ინდივიდუალურად შეხვდნენ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩებს. მათი თქმით, მოლაპარაკების მომდევნო რაუნდისთვის ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ წინადადებას ან ნაბიჯს ელოდებიან.

ამასთან, გუშინ 23 ნოემბერს ოთხმა ევროპარლამენტარმა საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და დიალოგით კომპრომისამდე მივიდნენ.

ევროპარლამენტარების საპასუხოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, უპირველესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

„ხელისუფლებას ჯერჯერობით არცერთი კომპრომისული ნაბიჯი არ გადაუდგამს, არც ერთი წინადადება არ მოგვისმენია ხელისუფლებისგან… საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებდნენ, რომ ოპოზიციის საჩივრები ყოფილიყო განხილული, რათა მათ ჰქონოდათ საშუალება, სიმართლე სამართლებრივად დაემტკიცებინათ, მაგრამ ასეთი რამ არ მოხდა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლებამ ნაბიჯი უნდა გადადგას.

„მთელი ტვირთი ახლა იმაზეა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად რაღაცა შესთავაზოს ოპოზიციას, საზოგადოებას, ქვეყანას გამოსავალი კრიზისიდან. ისინი არიან ხელისუფლებაში, ყველა მიმართულებით კრიზისში. ჩვენ ვართ მართლები და ჩამოყალიბებული პოზიციაში; მთელი ტვირთი არის „ოცნებაზე“, რომ გადადგას ნაბიჯი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

„ლელოს“ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მოლოდინი აქვს, რომ მმართველი გუნდი რეალურად შეაფასებს იმ მოცემულობას, რომ ახლა ბრძოლის ნაცვლად შეთანხმებაა საჭირო, რათა პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს. ჯაფარიძის ხედვით, კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელ არჩევნებსა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებაზე შეთანხმების მიღწევაა.

„III რაუნდზე უნდა მოვახერხოთ გარღვევა. აქ ყველა უნდა მივხვდეთ იმას, რომ შეთანხმება სჭირდება „ქართულ ოცნებასაც და არა მხოლოდ ოპოზიციას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე „ოცნებისგან“ ადეკვატურ წინადადებას ელოდება.

„სიტუაცია მძიმეა, ჩიხურია, მათ შორის, „ქართული ოცნებისთვისაც“. ვფიქრობ, ისინიც უნდა აცნობიერებდნენ ამას“, – განაცხადა მან.

ამ განცხადებების საპასუხოდ, მზაობას გამოთქვამს და დიალოგში ოპოზიციის კონსტრუქციულ ჩართულობას ელოდება „ქართული ოცნება“.

პარტიის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ უნდა გამოინახოს შესაძლებლობები, იმისთვის, რომ პატივი სცენ მოქალაქეების არჩევანს და ამ ფონზე ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვის შესაძლებლობას შექმნის.

„ჩვენ ვართ მზად ნებისმიერი კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რასაც ქვია ჩვენი მოქალაქის მიერ გაკეთებული არჩევანის პატივისცემა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.


საერთაშორისო ფასილისტატორების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების II რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა, გასულ პარასკევს კი, 20 ნოემბერს, ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირისა და შტატების ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკების III რაუნდი.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ II ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ და უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. შეთანხმების მისაღწევად, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, ოპოზიციამ არჩევნების არსებული შედეგები აღიაროს.