ოპოზიცია ბათუმში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძეს ასახელებს

პუბლიკა

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა. საკრებულოს შენობაში დილიდან შეკრებილი არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი დეპუტატები, თუმცა სხდომაზე არ მისულან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

„წარმომადგენლობით ორგანოების ისტორიაში გვაქვს უპრეცედენტო შემთხვევა, როცა სამთავრობო პარტია ბოიკოტს უცხადებს თვითმმართველ ორგანოს. სამწუხაროა, რომ ასე გადაწყვიტეს. ჩვენ გვქონდა გადაწყვეტილი, შანსი მიგვეცა „ოცნებისთვის“, რომ შეგვეთავაზებინა გეგმა კრიზისიდან გამოსასვლელად. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რატომ არის მმართველი პარტია მოწადინებული, რომ მუნიციპალიტეტში შეიქმნას კრიზისი“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ირაკლი გვიანიძემ.

„ჩვენი შეფასება მარტივია, დღეს „ქართული ოცნება“ ბათუმელებს ბოიკოტს უცხადებს. ეს არის გუნდი, რომელსაც სჭირდება კრიზისი. პასუხისმგებლობა მხოლოდ მათ ეკისრება“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ოპოზიციის მოთხოვნით, სხდომის დღის წესრიგი ორი საკითხის კენჭისყრას ითვალისწინებს: საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა.

ოპოზიცია თავმჯდომარეობის კანდიდატად პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის ირაკლი კუპრაძის დასახელებას გეგმავს.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპიროვნული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.

  • „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი;

• „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15 მანდატი;

• „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი;

• „ლელო“ – 1 მანდატი.

პარტია „საქართველოსთვის“ არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში დატოვა ირაკლი თავდგირიძემ. ის დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აგრძელებს საქმიანობას. გახარიას პარტიას საკრებულოში ორი წევრი ჰყავს.