მომავალი სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში დროებითი წესი იწერება.
საპარლამენტო უმრავლესობა ამზადებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სპეციალურ მუხლს რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში და ამ მუხლით გათვალისწინებული წესი სახალხო დამცველის კანდიდატებზე გავრცელდება.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ოპოზიცია.
„ენმ – ძალა ერთობაშია“ ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის შერჩევის წესი უნდა დარჩეს იგივე.
დეკანოიძის თქმით, საკანონმდებლო ჩარჩოს შეცვლის გადაწყვეტილება ემსახურება იმ მიზანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეარჩიოს მისთვის მოსაწონი ომბუდსმენი.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შეცვალოს საკანონმდებლო ჩარჩო და სახალხო დამცველის არჩევას დაუმატონ ხელოვნური რგოლი, რაც იმას გულისხმობს, რომ თურმე „ქართული ოცნების“ შერჩეულმა აკადემიურმა წრეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შეარჩიონ და შეაფასონ კანდიდატები, მიუღებელია და განვიხილავთ, როგორც დესტრუქციას და საბოტაჟს, მათ შორის 12-პუნქტიანი გეგმის ჩავარდნის მიზნით“, – აცხადებს დეკანოიძე მედიასთან.
თაღლითურ სქემას უწოდებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უმრავლესობის გეგმას.
„პრორუსული „ქართული ოცნება“ თაღლითობას აგრძელებს. ამ ინიციატივით გამოვიდნენ, რადგან საქართველომ მიიღოს კიდევ ერთხელ უარი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ეს არის პირდაპირი თაღლითური სქემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა. ყველა, ვინც „ქართულ ოცნებას“ ამ თაღლითური სქემის ორგანიზებაში აყვება, ის არის თაღლითობისა და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯის თანამონაწილე. ძალიან კონკრეტული მექანიზმი არსებობს, რომელიც მათ დაამკვიდრეს და ჩვენ არაფერ ცვლილებას არ ვითხოვთ“, – აცხადებს ვაშაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველის შერჩევის ინკლუზური პროცედურისთვის დარეგისტრირდება ცვლილება რეგლამენტში, „რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც გულისხმობს კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი.“
შეფასების წესი ითვალისწინებს, რომ: 1. ნებისმიერ პირს შეეძლება შემოიტანოს განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე;
2. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მათ შორის იქნებიან პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით;
3. ამის შემდეგ კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრის საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველობის მინიმუმ შვიდი კანდიდატურა. მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება;
„აქვე საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს.
გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შეიძლება ადგილი ქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით. კიდევ უფრო ნათელი, რომ იყოს საზოგადოებისთვის – თუ ასე ვთქვათ „პირს შეკრავენ“ ოპოზიციური სუბიექტები და არ წარადგენენ არც ერთ კანდიდატურას, რომ პროცესი დაიბლოკოს და რეკომენდაციის პუნქტი არ შესრულდეს და ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიტოვებთ კანდიდატის წარდგენის უფლებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.