ოპოზიცია შეთანხმდა ძალიან კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე - ხოშტარია

პუბლიკა

ოპოზიციის ნაწილის ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული პოლიტიზებული პროცესები, რომლებიც, ოპოზიციის მოლოდინით, პოლიტიკური ლიდერებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელების დაკავებით დასრულდება.

ელენე ხოშტარიას თქმით, ეს ოპოზიციას არ დაასუსტებს, რისი დემონსტრირებაც დღევანდელი შეხვედრაა.

მისივე თქმით, ოპოზიცია შეთანხმდა „ძალიან კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ქვეყნის შიგნით რეაგირებაზე“.

„ოპოზიცია იქნება კოორდინირებული. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ახალ წელს ან რამე სახის სხვა ბარიერს გამოიყენებენ იმისთვის, რომ მშვიდად ჩაატარონ ეს პროცესი, ამის გარანტიას ვაძლევთ, რომ ეს არც შეუმჩნევლად, ურეაგიროდ, მშვიდად „ქართული ოცნებისთვის“ არ ჩაივლის. ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები.

ხვალ მივდივართ პროცესზე [ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის] მნიშვნელოვანია, იქ ყოფნა. წავალთ და მხარდაჭერა იქნება სრული. დღეს ყველა პოლიტიკოსი საქართველოში არის იმის მოლოდინში, რომ ან შეიძლება დაგიჭირონ, ან რაღაცა ძალადობა იყოს. არათუ ვერ გაგვტეხავს, გაგვაძლიერებს, გაგვაერთიანებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტის გზავნილები პოლარიზაციის დასრულებაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მიუხედავად კითხვის ნიშნებისა, ოპოზიციას აქვს ინტერესი და მზადყოფნა, დაიწყოს ამაზე საუბარი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, სერგო ჩიხლაძის განმარტებით, მსჯელობა იყო ორი მიმართულებით: დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით განაწილდა ფუნქციები ერთობლივი და ინდივიდუალური ძალისხმევით კომუნიკაციის მხრივ; ასევე შემუშავდა შიდა საკომუნიკაციო მექანიზმი. სერგო ჩიხლაძე კონკრეტულ გეგმებზე ვერ საუბრობს.


ხვალ, 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განხილვებს დაასრულებს.

ე.წ. „თიბისი ბანკის“ საქმეზე 2019 წლის 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა ფულის გათეთრების მუხლით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

ბრალდების თანახმად, 2008 წლის აპრილში მამუკა ხაზარაძემ, იმ დროს სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე საბჭოში მისმა მოადგილემ, „თიბისი ბანკიდან“ მოტყუების გზით დიდი ოდენობის თანხები მიისაკუთრეს, რის შემდეგაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს.

პროკურატურის მტკიცებით, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თავიანთ მეგობარს, ავთანდილ წერეთელს, „თიბისი ბანკიდან“ სესხების აღება სთხოვეს. 2008 წლის აპრილსა და მაისში წერეთელმა საკუთარი კომპანიების „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის მეშვეობით „თიბისი ბანკიდან“ 16 664 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხები აიღო. ორივე შემთხვევაში სესხის თანხა „სამგორის“ ანგარიშებზე ჩაირიცხა, შემდეგ ამ თანხის ლარში კონვერტაცია და მისი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე გადარიცხვა განხორციელდა. აღნიშნულს, სესხის ხელშეკრულებების გაფორმება უსწრებდა წინ.

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, საბანკო რეგულაციების ფორმალურად დაკმაყოფილებისა და დანაშაულებრივი განზრახვის დამალვის მიზნით, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ შერჩეულმა იურიდიულმა პირებმა (წერეთლის კომპანიებმა „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა) „თიბისი ბანკს“ სესხის მიზნობრიობის შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს და განაცხადეს, რომ სესხი „საბრუნავი სახსრების გაზრდის მიზნით“ სჭირდებოდათ. პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ბანკის მენეჯმენტის მოტყუების მიზნით, სხვადასხვა უძრავი ქონება „თვალთმაქცური სესხების უზრუნველსაყოფად“ 2 იპოთეკით დაიტვირთა.

პროკურატურის მტკიცებით, ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და წერეთელმა ერთობლივად და მოტყუებით სს „თიბისი ბანკიდან” დიდი ოდენობის თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რის შემდეგაც, მათი წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, რეალური მფლობელისა და ნამდვილი ბუნების დაფარვის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული თანხების ლეგალიზაცია განიზრახეს.

როგორც ბრალდების შესახებ დადგენილებაში არის აღნიშნული, სესხის გადახდის საბოლოო ვადად 2008 წლის 21 ოქტომბერი განისაზღვრა. 2008 წლის 21 ოქტომბერსა და 2008 წლის 7 ნოემბერს კომპანიებს „სამგორი თრეიდი“ და „სამგორი M“ სესხების გადახდის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდათ. 2008 წლის 31 დეკემბერს სესხები უიმედო ვალების კატეგორიაში მოექცა და „თიბისი ბანკმა“ ისინი „ჩამოწერა“. ამას გარდა, „თიბისი ბანკმა“ იპოთეკისგან გაათავისუფლა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონება, ხოლო 2012 წლის 8 აგვისტოს ორივე კომპანია სრულად გაათავისუფლა საბანკო ვალდებულებებისგან.