ოპოზიცია შსს-სგან მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებას მოითხოვს

პუბლიკა

ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს, გამოიძიოს საპროტესტო აქციებსა და სახლებთან მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობის შემთხვევები.

ხატია დეკანოიძემ და თამარ კორძაიამ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ:

შსს-ის მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევები არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო, გამოყენებული ფიზიკური ძალა ხშირ შემთხვევაში გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა.

მათ ხაზი გაუსვეს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დაშლისას საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს. ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის, ახალგაზრდებს, ქალებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.

დეკანოიძემ და კორძაიამ ასევე შეახსენეს შსს-ს, რომ სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არაერთი პირს.

მათ აღნიშნეს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი პოლიციელების მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმაში ქაჩავდა, წაქცეულებზე ზედ წიხლებით დგებოდნენ. დაფიქსირდა: გინება, ცემა, სახეში გარტყმა, მოქალაქის ალყაში გატაცება და მისი უმოწყალოდ ცემა, დაწოლილი მოქალაქის თრევა. 

პოლიტიკოსებმა მიუთითეს, რომ მსგავსი მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ ქალები და ბავშვები, საქართველოს პარლამენტის წევრები (ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან ხაბეიშვილი), ჟურნალისტები. ჰოსპიტალიზება დასჭირდა პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემ  სამოქალაქო აქტივისტს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელს დავით ქაცარავას. აქციის მონაწილეთა დევნა გაგრძელდა მეტროშიც.

ასევე, აღნიშნეს, რომ საჯარო წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია ათეულობით შემთხვევა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არის გამოსაძიებელი.

„საგანგაშოა, რომ, გარდა დემონსტრანტებისა, აქციებზე ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ადგილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. მსგავსი ღონისძიებები, რომლებითაც ჟურნალისტებს ხელი ეშლებათ სამუშაო პროცესში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი, ასევე, არის სისხლის სამართლის დანაშაული”. – განაცხადეს კორძაიამ და დეკანოიძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, პარლამენტის შესასვლელის ბლოკირების საბაბით აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები იყო უკანონო 2 საფუძვლით:

  1. არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზეზით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი;
  2. ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი წინაპირობა.

„ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, დაცულია ნებისმიერი შეკრება, რომელიც არ არის ძალადობრივი ან მისი მონაწილეები არ აპირებენ ძალადობრივი ქმედებების ჩადენას.

საპროტესტო აქციის დასაშლელად, როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, გამოყენებული იყო: ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები. არ დაუცვია წინასწარ გაფრთხილების ვადა არაერთ შემთხვევაში და მოულოდნელად დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება დემონტრანტების მისამართით.

პირველ მაისის აქციაზე გადაღებული არაერთი კადრი ადასტურებს, რომ აქციის დაშლის პროცესში  გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები. შსს-ს არ ჰქონდა რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტობრივი საფუძველი, შესაბამისად, ბრძანება, რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვერ დააკმაყოფილებდა კანონიერების პრინციპს.

საპოლიციო ძალები დამიზნებით ისროდნენ ცრემლსადენი გაზის კაფსულებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს, სახის არეში, დამიზნებით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ახლო მანძილიდან ასხურებდნენ წიწაკის სპრეის. ყოველივე ეს სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებსა და სტანდარტებს არღვევს.

ამ ფონზე, ამ დრომდე უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შექმნილია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს”. – განაცხადეს თამარ კორძაიამ და ხატია დეკანოიძემ.